გლდანის რაიონის გამგეობამ მეოთხე მიკრორაიონის N110–112 კორპუსების მიმდებარედ, 8 000 კვ.მ ფართობზე სკვერის მოწყობა დაასრულა.
პროექტის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეთანხმებით, უკანონო შემოღობვებისა და ავტოფარეხების დემონტაჟი განხორციელდა. პროექტისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 1 173 333 ლარი დაიხარჯა.
დასრულებულ სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.
„აღნიშნულ ტერიტორიაზე იყო ჩვეულებრივი ნაგავსაყრელი, უმძიმესი მდგომარეობა. არ არსებობდა სივრცე იმისთვის, რომ ადამიანებს დაესვენათ, ევარჯიშათ. პროექტის ფარგლებში, მოეწყო ბავშვებისთვის რამდენიმე სივრცე, დამონტაჟდა ატრაქციონები, მოსასვენებელი პავილიონები, მოეწყო ველო და სასეირნო ბილიკები. მომავალ წელს, აქვე, ქვედა ტერიტორიაზე ანალოგიური სამუშაოები განხორციელდება, მოსაწესრიგებელი ტერიტორია სრულად რეაბილიტირდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ადგილზე, დედაქალაქის მერთან ერთად, გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე და მაჟორიტარი დეპუტატი კონსტანტინე ზარნაძე იმყოფებოდნენ.
ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს
