ისრაელმა უარყო მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოზე (ICJ) მისთვის სამხრეთ აფრიკის მიერ წაყენებული ბრალდება, რომ ისრაელი ღაზაში წარმოებული ომით გენოციდს ახორციელებს პალესტინელთა წინააღმდეგ. მან რუსეთის მხრიდან უკრაინაში წარმოებულ ომთან პარალელების გავლებას “აბსურდი” უწოდა.
ისრაელის ადვოკატებმა 12 იანვარს განაცხადეს, რომ ქვეყანა ყველაფერს აკეთებს სამოქალაქო მსხვერპლის შესამცირებლად აშშ-სა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეული ჰამასის წინააღმდეგ წარმოებულ ომში და რომ მოსახლეობაში მზარდი მსხვერპლი ჰამასის და მისი ომის ტაქტიკის ბრალია.
სამხრეთ აფრიკის სარჩელი ითვალისწინებს სასამართლოს მხრიდან წინასწარი ბრძანების გაცემას საბრძოლო მოქმედებების დასრულებაზე. ღაზაში ომს ბიძგი მისცა 7 ოქტომბერს ჰამასის შეტევამ ისრაელზე, რასაც 1200-მდე სამოქალაქო პირი ემსხვერპლა. სამხრეთ აფრიკას მაგალითად მოაქვს 2022 წლის მარტში გაცემული ბრძანება, რომლითაც სასამართლომ რუსეთს მოუწოდა, შეეჩერებინა საომარი ოპერაციები უკრაინის წინააღმდეგ.
სამხრეთი აფრიკა, რომელიც ისრაელს ბრალს სდებს კონფლიქტში გენოციდის “სისტემატური” აქტების ჩადენაში, სასამართლოს ამ ბრძანების გაცემას სთხოვს, ღაზაში სამოქალაქო პირების შემდგომი ზიანისგან დასაცავად. ჰამასის მიერ მართული ღაზის ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ომს ემსხვერპლა 23 000-ზე მეტი ადამიანი და მათ შორის უმეტესობა ქალები და ბავშვებია.
გავრცელებული ვარაუდით, ჰოლანდიაში განთავსებული სასამართლო მიმდინარე თვეში მიიღებს გადაწყვეტილებას ომის შეჩერების შესახებ ბრძანების გაცემაზე. თუმცა იურისტების თქმით, გენოციდის შესახებ განაჩენის გამოტანას შესაძლოა წლები დასჭირდეს.
ICJ-ის გადაწყვეტილებები არ ექვემდებარება გასაჩივრებას, თუმცა თავად სასამართლოს არ აქვს ბერკეტები თავისი განაჩენების სისრულეში მოყვანის უზრუნველსაყოფად.
ანალიტიკოსები მანამდე შენიშნავდნენ, რომ სასამართლოს მიერ ომის შეწყვეტაზე რუსეთისთვის გაცემულ ბრძანებას შედეგი არ გამოუღია.