თუ კი, რაიმე უბედურება ხდება ქვეყანაში ყველაფერი გარედან დაფინანსებულია და ეს უსახური ადამიანები, ეს მოძალადეები, რომლებიც რამდენიმე ცალია დარჩენილი, რა თქმა უნდა, შექმნილია გარე დაფინანსებით, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას – რას უპასუხებდა მათ, ვინც მას „არალეგიტიმურ მერს“ უწოდებს.
მისი თქმით, გარკვეული წლები და თანხაა დახარჯული იმაში, რომ ქვეყანაში „უზნეო, უმორალო, უპრინციპო, უსახური ადამიანები შექმნილიყვნენ“.
„რადიკალები, ჩვეულებრივ აგენტურული ქსელის წარმომადგენლები არიან. კრიმინალები, მოძალადეები. თუ კი, რაიმე უბედურება ხდება ქვეყანაში ყველაფერი გარედან დაფინანსებულია და ეს უსახური ადამიანები, ეს მოძალადეები, რომლებიც რამდენიმე ცალია დარჩენილი, რა თქმა უნდა, შექმნილია გარე დაფინანსებით. ამას გარკვეული წლები დასჭირდა და თანხები აქვთ დახარჯული იმაში, რომ ამ ტიპის უზნეო, უმორალო, უპრინციპო, უსახური ადამიანები შეექმნათ. მე ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ამ შემთხვევაში მოძალადეებს, კრიმინალებს ყველას შესაბამისი პასუხი გაეცემა, ამათი ადგილი არა არის პოლიტიკაში. ჩვენ რამდენიმე დღის წინ ვიხილეთ სახელმწიფო გადატრიალების, კონსტიტუციური დამხობის კონკრეტული მაგალითი და ამას აუცილებლად მოჰყვება რეაგირება, ძალიან ბევრი ადამიანი აგებს პასუხს”,- განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, ყველა კანონდარღვევას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება, თანაც იმ ფონზე, როდესაც წინა დღეების განმავლობაში ხელისუფლება მათ აფრთხილებდა, რომ რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნაბიჯი არ გადაედგათ.
„არაფერი არ გამოუვათ, ყველაფერი დაფიქსირებულია, ინახება მათი განცხადებები, უკვე კონკრეტული ქმედებები, შესაბამისად, ვინ რა განცხადებაც არ უნდა გააკეთოს, ერთი ძალადობრივი დაჯგუფებაა, შეიძლება სხვადასხვა სახელები ერქვათ, მაგრამ ერთი პატრონი ჰყავთ და ერთ დავალებას ასრულებენ, ზოგი ამ და ზოგი იმ ფორმით.
ჩვენ ყველა მოძალადეს ვაფრთხილებდით, ამას ვერავინ ვერ იტყვის, რომ არ გაგვიფრთხილებია, რაც არ უნდა იყოს ჩვენი მოქალაქეები არიან, კარგები არიან თუ ცუდები, ამ ქვეყანაში ცხოვრობენ, შესაბამისად ჩვენ როგორც ხელისუფალი ვაფრთხილებდით წინა დღეების განმავლობაში, რომ ვიღაცებს კანონსაწინააღმდეგო ნაბიჯი არ გადაედგათ, მაგრამ ვიღაცებმა გადადგეს, ამას კი რეაგირება მოჰყვება“,- განაცხადა კახა კალაძემ.
