იაგო კაჭკაჭიშვილი – საფუძვლიანია ეჭვი, შიდა ამბოხს ხომ არ ამზადებდნენ „ოცნების“ ყოფილი ჩინოსნები, შეიძლება ორგანიზატორებს ჰქონდათ ასეთი დაპირება – გადატრიალების იდეის დისკრედიტაცია მოხდა, მაგრამ პროტესტის – არა

4 ოქტომბერს რევოლუციური გადატრიალების იდეის დისკრედიტაცია ნამდვილად მოხდა, მაგრამ პროტესტის დისკრედიტაცია არ მომხდარა და პროტესტის ძირითადი ხაზი არ ჩავარდნილა – შეიძლება ითქვას, რომ პროტესტი ისევ გამთლიანდა და აღორძინდა! – აღნიშნული შეფასება სოციოლოგმა იაგო კაჭკაჭიშვილმა “პალიტრანიუსის“ გადაცემა, “დღის ნიუსრუმში“ გააკეთა.
კაჭკაჭიშვილის თქმით, 4 ოქტომბერმა აჩვენა, რომ რეალური არც ძალადობის მანიფესტაცია და ხელისუფლების ძალადობრივი ცვლილებები არ არის და არც – არჩევნებში “ქართული ოცნების“ გამარჯვება. კაჭკაჭიშვილის თქმით, ჭეშმარიტება არის იქ, სადაც ამომრჩეველთა უმრავლესობა დგას და ცვლილებებს მშვიდობიანი პროტესტით ითხოვს.
კაჭკაჭიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქართული საზოგადოების მეინსტრიმული პოზიცია არის სწორედ ეს და ყველას ამის გათვალისწინება მოუწევს.
“ერთ ძალიან მნიშვნელოვან ფაქტს უნდა მოვაქციოთ ყურადღება, რომელსაც ვერავინ გაექცევა – ეს არის ქუჩაში საპროტესტოდ გამოსული ასეულობით ათასი ადამიანი, რომელმაც ერთი ხელის მოსმით გააქარწყლა ხელისუფლების მტკიცება, რომ პროტესტი გაილია, ის აღარ არსებობს და მოპროტესტე ადამიანების ხვედრითი წილი მხოლოდ რამდენიმე ასეულს შეადგენს. 4 ოქტომბერმა აჩვენა, რომ პროტესტი ცოცხალია, არსებობს, არსად წასულა და ყოველთვის მზად არის იმისთვის, რომ გამომჟღავნდეს.
ათეულობით ათასი ადამიანის ქუჩაში გააქტიურება სიახლის მოლოდინმა გამოიწვია, რომელიც ასე იყო სახელდებული – “მშვიდობიანი დამხობა“. ჩემი დაკვირვებით, ადამიანების უმრავლესობაში მოლოდინი იყო, რომ რაღაც სიურპრიზი მართლა შეიძლება ყოფილიყო. ისიც აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ რაღაცის მყისიერად შეცვლის მოლოდინი მაღალი არ ყოფილა. შესაბამისად, 4 ოქტომბრის შემდეგ არც ნიჰილიზმის და იმედგაცრუების ხარისხი შეიძლება იყოს მაღალი.
შესაძლოა, სიახლის მოლოდინი არსებობდა, მაგრამ ხალხი იქ იმიტომ არ მისულა, რომ რადიკალურ ძალადობრივ მოქმედებებში მიეღო მონაწილეობა. არსებული რეჟიმის წინააღმდეგ პროტესტი არსებითად მშვიდობიანი ფორმით ვითარდება და პროტესტს ეს მოდუსი და ხასიათი არ შეუცვლია, იმის მიუხედავად, რომ ძალადობრივი შეხლა-შემოხლა მოხდა. მოპროტესტეებმა 4 ოქტომბრის მარცხი იოლად დაივიწყეს, რადგან 4 ოქტომბრის გადატრიალების მიმართ რეალური მოლოდინი არ არსებობდა“, – განაცხადა იაგო კაჭკაჭიშვილმა.
კაჭკაჭიშვილის შეფასებით, 4 ოქტომბერს მშვიდობიანი რევოლუციის ორგანიზატორთა მხრიდან აბსოლუტურად მოუმზადებელი, არასტრუქტურირებული, გაუთვლელი და არარაციონალური ქმედებები ვიხილეთ.
მისი ვარაუდით, შესაძლოა, მართლაც რაღაც ისეთი მოხდა, რამაც საორგანიზაციო ჯგუფის წევრები დააბნია და მათი დემოტივაცია მოახდინა.
“თუ ჩვენ მშვიდობიანი რევოლუციის ნარატივის ფარგლებში დავრჩებით, შეიძლება ვინმეს ეფიქრა, რომ აქ იყო მოლოდინი იმისა, რომ ძალოვანი უწყებების გარკვეული ნაწილი მომიტინგეების მხარეს გადავიდოდა და ძალოვან უწყებებში განხეთქილება მოხდებოდა. შეიძლება ორგანიზატორებს ამის დაპირება ჰქონდათ. მით უფრო თუ გავითვალისწინებთ, რომ კარგა ხანია ხელისუფლების შიგნით არსებულ განხეთქილებაზე მიდის ლაპარაკი. ვიცით, “ქართული ოცნების“ მაღალი რანგის ჩინოსნების შესახებ, რომლებიც ასპარეზზე არ არიან და შესაძლოა ისინი, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიეცნენ. ამიტომ არსებობდა ეჭვი, რომ პროტესტს ეს ადამიანები ხომ არ ეხმარებიან და ხომ არ ამზადებენ შიდა ამბოხს “ქართულ ოცნებაში“. შესაძლოა, ამის დაპირება მართლაც არსებობდა – ამ ეჭვს საფუძველი აქვს!
როდესაც ურემი გადაბრუნდება ბრალეულობის სხვაზე გადატანა ადვილია, მით უფრო ადვილია იმ პოლიტიკოსების მხრიდან, ვინც საქართველოში საერთოდ არ იმყოფებიან და მიმდინარე პროცესებს საზღვარგარეთიდან ამუნათებენ. ფაქტია, რომ საორგანიზაციო ჯგუფის არც ერთი წევრი კრიმინალური წარსულის მქონე არ არის. მეტიც, პაატა ბურჭულაძე არის ქართველი ერის ერთ-ერთი სიამაყე იმ პროფესიაში, რომელიც მას ჰქონდა. ამიტომ ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ ეს არის თავგანწირვის მაჩვენებელი, რომელიც გარკვეულწილად დაფუძნებულია ემოციებზე, ირაციონალურ და არა სტრუქტურირებულ, გათვლილ ქმედებებზე – ჰაერში უმისამართოდ გასროლილ ვაზნას ჰგავს, რომლითაც შენვე ზიანდები. სამწუხაროა, რაც მოხდა, მაგრამ ცხადია, პასუხისმგებლობა მათზეც არის“, – განაცხადა კაჭკაჭიშვილმა.
კაჭკაჭიშვილის თქმითვე, თუ იმ ვარაუდს გავყვებით, რომ ყველაფერი არამხოლოდ სუს-ის, არამედ რუსული სპეცსამსახურების ჩაფიქრებული იყო, მაშინ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეზოში ღობის მონგრევის ფაქტი ამ ლოგიკაში აბსოლუტურად ჯდება.
“ეს მაინც ვარაუდია და გადაჭრით რაიმეს მტკიცება რთულია. სავსებით შესაძლებელია, რომ ყველაფერი ქართველი ხელოსნების ცუდი ნამუშევრის შედეგი ყოფილიყო, მაგრამ ხელისუფლების განზრახვა საორგანიზაციო ჯგუფში შემავალი მხოლოდ ამ ოთხი ადამიანის დისკრედიტაცია და ციხეში ჩასმა არ იყო. ხელისუფლების ამოცანა მთელი საპროტესტო მოძრაობის რადიკალებად გამოცხადება იყო, მაგრამ 4 ოქტომბრის აქციაზე გასულმა ხალხმა საკუთარ თავში მკვეთრად გამიჯნა ძალადობრივი მოქმედება და მშვიდობიანი პროტესტი და მშვიდობიანი პროტესტის მხარე დარჩა. ამით ხალხმა ხელისუფლების მოლოდინს, რომ შესაძლოა მთელი საპროტესტო მოძრაობის კრიმინალიზება მომხდარიყო, გზა გადაუკეტა – ხელისუფლებამ ეს ვერ მოახერხა!“ – განაცხადა კაჭკაჭიშვილმა.
რაც შეეხება 4 ოქტომბერს გამართულ არჩევნებს, როგორც კაჭკაჭიშვილმა აღნიშნა, როგორც კვლევებით, ახლა უკვე ს შედეგებით დადასტურდა, რომ სამართლიანი არჩევნების იდეა და პრაქტიკა საქართველოში იმდენად დისკრედიტირდა, რომ ამომრჩეველთა უმრავლესობამ ვერ დაიჯერა, რომ არჩევნების გზით სახელისუფლო ცვლილებები შესაძლებელია.
“ოპოზიციურად განწყობილმა ამომრჩეველმა ვერ დაიჯერა, რომ არჩევნების გზით ცვლილება შესაძლებელია. პირიქით, არჩევნებში მონაწილეობა “ქართული ოცნების“ ხელისუფლების ლეგიტიმაციად მიიჩნიეს. არ ვფიქრობ, რომ თბილისისთვის ბრძოლა ქარის წისქვილებთან ბრძოლა იქნებოდა, მაგრამ ფაქტია, ვერც ამომრჩევლები და ვერც ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი ძალთა გაერთიანებისთვის ვერ განეწყო. მათ აქვთ არგუმენტები და ეს არგუმენტები 2024 წლის გაყალბებული არჩევნებიდან მომდინარეობს – ვერ ვიტყვი, რომ ფანტაზიები ამოძრავებს ადამიანს, ვინც ამბობს, რომ “ქართულ ოცნებას“ რასაც უნდა, იმას დაიწერს. მას ამ ეჭვის გამოთქმის საფუძველი რეალურად აქვს.
საყოველთაო გაერთიანება არ გამოვიდა, მაგრამ რომ ყოფილიყო საყოველთაო ბოიკოტი, ხმების 100%-მდე მიიღებდა. ეს იქნებოდა იმის ლუსტრაცია, რომ ქვეყანაში საბჭოთა ტიპის უკონკურენტო არჩევნები ჩატარდა. ამით “ქართული ოცნების“ არალეგიტიმურობა კიდევ უფრო გაშიშვლდებოდა. „ქართული ოცნების ეს გამარჯვება არის „პიროსის გამარჯვება“ – არ მგონია, რომ მას რაიმე სასიხარულო აქვს, რადგან ამომრჩეველთა უმრავლესობას საქართველოში ოპოზიციური განწყობები გააჩნია. ფაქტია, რომ ხელისუფლებამ გამარჯვება ამომრჩეველთა უმრავლესობის მონაწილეობისა და მისი დასტურის გარეშე მოიპოვა. ამიტომ ვერ ვიტყვით, რომ ეს ხელისუფლება ქართული საზოგადოების ინტერესს და ნებას გამოხატავს.
“ქართული ოცნება“ არის მხოლოდ მისი მომხრეების ხელისუფლება. ამიტომ ლეგიტიმაციის კრიზისი კიდევ უფრო მეტად გამწვავდება“, – განაცხადა იაგო კაჭკაჭიშვილმა.