დეკემბერში არგენტინაში ინფლაცია 1991 წლის შემდეგ უმაღლეს დონემდე დაჩქარდა და 211%-ს გადააჭარბა

სტატისტიკის სააგენტო Indec-ის ანგარიშის მიხედვით, არგენტინაში სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპი 2023 წლის დეკემბერში 211.4%-მდე დაჩქარდა, რაც 1991 წელს ქვეყნის ჰიპერინფლაციის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ნოემბერში ინფლაციამ წლიური მაჩვენებლით 160.9%-ს შეადგინა.
სამომხმარებლო ფასები დეკემბერში წინა თვესთან შედარებით 25,5%-ით გაიზარდა.
ექსპერტების კონსენსუსის პროგნოზი, რომელიც Trading Economics-ს მოჰყავს, ვარაუდობს, რომ ინფლაციის ზრდა ყოველთვიურად 28%-მდე და წლიურად 215%-მდე იქნება.
არგენტინის ქრონიკულად მაღალი ინფლაცია ძირითადად განპირობებულია იმით, რომ ქვეყნის წინა ხელისუფლება ფულს ბეჭდავდა სახელმწიფო ხარჯების დასაფინანსებლად, წერს Financial Times.
ამ პრაქტიკის წინააღმდეგ წინასაარჩევნო კამპანიის დროს ქვეყნის ამჟამინდელი პრეზიდენტი ხავიერ მაილი გამოდიოდა. თუმცა, მისი მთავრობის ქმედებებმა, რომელმაც დეკემბერში დაუყოვნებლივ გააუფასურა პესო 50%-ით, ასევე ხელი შეუწყო ინფლაციის ზრდას, განსაკუთრებით სურსათისა და საწვავის სექტორში, აღნიშნავს FT.