კლიმატის ცვლილება გარემოს ერთ-ერთი ტოპპრობლემაა. ის გულისხმობს ტემპერატურის, ნალექის, ქარისა და დედამიწის კლიმატური სისტემის სხვა ასპექტების გრძელვადიან ცვლილებებს. მას, ძირითადად, ადამიანის მიერ სათბურის გაზების გამოყოფა იწვევს, რაც მერე უფრო ექსტრემალურ ნალექსა და ინტენსიურ წყალდიდობებს წარმოშობს, ამასთანავე, ზრდის სითბური ტალღებისა და ხანძრების რისკს.
ყველა ეს მოვლენა, თავის მხრივ, გავლენას ახდენს საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე, ინფრასტრუქტურაზე, სოფლის მეურნეობასა და ბუნებრივ ეკოსისტემებზე, რაც შეიძლება გაცილებით რთულ ფორმებში გამოიხატოს, ვიდრე ახლა გვეჩვენება.
ამ სტატიაში შევაჯამებთ, როგორია 2024-2025 წლების მდგომარეობით, ტემპერატურის, ნალექის, წყალდიდობების სიხშირისა და სხვა ექსტრემალური ჰიდროლოგიური მოვლენების ცვლილება.
გლობალური ტემპერატურის მატება
კლიმატის შესახებ მონაცემებს ბევრი ორგანიზაცია აგროვებს: Copernicus, NOAA, NASA…სწორედ მათზე დაყრდნობით, საშუალო ტემპერატურა დაახლოებით 1.5°C-ით გაიზარდა ინდუსტრიამდელ დონესთან შედარებით (ინდუსტრიამდელი პერიოდი 1850-1900 წლებით განისაზღვრება).
2023 წელი უკვე ერთ-ერთი ყველაზე თბილი იყო დაფიქსირებულთა შორის, თუმცა 2024 წელმა მასაც გადააჭარბა და წლიური საშუალო ტემპერატურის ახალი რეკორდი დაამყარა. დათბობის ტემპი ბოლო ათწლეულების განმავლობაში დაჩქარდა: 1970-იანი წლებიდან მოყოლებული, დაახლოებით ~0.20°C დათბობა შეინიშნება.
ნალექის ცვლილებები
ხანმოკლე თუ გრძელვადიანი ნალექის სიხშირე ბევრ რეგიონში გაიზარდა. მაგალითად, ავსტრიაში საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში ჩატარებული კვლევების თანახმად, ბოლო 30-40 წლის განმავლობაში ხანმოკლე ნალექის რაოდენობა დაახლოებით 15%-ით გაიზარდა.
თბილი ჰაერი მეტ ტენიანობას შეიცავს, რაც, როგორც წესი, აძლიერებს ნალექებს შტორმების დროს. კლიმატის მოდელები და დაკვირვებები თანხმდება, რომ ტემპერატურის მატებასთან ერთად, ცალკეული ნალექები ხშირად უფრო ინტენსიური ხდება.
წყალდიდობის სიხშირე
გლობალურად, მე-20 საუკუნის ბოლოდან წყალდიდობის კატასტროფების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. მაგალითად, 2000-2019 წლების მონაცემებს თუ დავეყრდნობით, მსოფლიოში 3,254 წყალდიდობის კატასტროფა დაფიქსირდა, რაც 1980-1999 წლებთან შედარებით 1,389-ჯერ მეტია.
ასევე გაიზარდა წყალდიდობის რისკის ქვეშ მყოფი მოსახლეობა. 2000-დან 2015 წლამდე დაახლოებით 58 მილიონიდან 86 მილიონამდე ადამიანით მეტი გადავიდა წყალდიდობისადმი მიდრეკილ რეგიონებში.
2024 წელს ევროპაში ფართომასშტაბიანმა წყალდიდობამ კონტინენტის მდინარის ქსელის დაახლოებით 30% დააზარალა, ხოლო შტორმებმა 400 000-ზე მეტი ადამიანი. საკმაოდ მაღალი იყო ევროპაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვიც. ამ ინფორმაციას „როიტერი” ავრცელებს.
გარდა იმისა, რომ სტიქიები თავისთავად კატასტროფებთან ასოცირდება, ეს ეკონომიკასაც აზარალებს, რადგან საკმაოდ იზრდება სახელმწიფო ხარჯები. მაგალითად, 2022 წელს მომხდარმა წყალდიდობამ გლობალურად ძალიან დიდი ზარალი გამოიწვია და ბოლო დროს მომხდარი წყალდიდობების ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულად მიიჩნევა.
რა ხდება ამ ყველაფრის მიზეზი
როგორც შესავალში ვახსენეთ, ტემპერატურის მატების ძირითადი მამოძრავებელი ფაქტორი ადამიანის საქმიანობიდან გამოწვეული სათბური გაზების, ემისიების ზრდაა. ეს დათბობა, თავის მხრივ, ზრდის ატმოსფერულ ტენიანობას, რაც ხელს უწყობს უფრო ინტენსიური ნალექების წარმოქმნას.
თუმცა მიზეზი მარტო ეს არ არის. ტყეების გაჩეხვა, ურბანიზაცია და მიწაზე მუშაობის თანამედროვე მეთოდებიც გავლენას ახდენს გარემოზე. ეს შეიძლება იყოს ინფრასტრუქტურა, რომელიც ბლოკავს ან ცვლის წყალდიდობის ნაკადებს, მოსახლეობის ზრდა წყალდიდობისკენ მიდრეკილ რაიონებში, რაც ზემოქმედებას ამძაფრებს და ბუნებას უფრო დაუცველს ხდის.
რა უნდა გაკეთდეს
ყველაფერი გასაგებია, მაგრამ რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ საზოგადოებამ აირიდოს კლიმატური ცვლილებები და მერე მისგან გამოწვეული კატასტროფები. ამ პრობლემის მოსაგვარებლად ჩვენ უნდა შევამციროთ სათბურის გაზების გამოყოფა სუფთა ენერგიის წყაროებზე გადასვლით და ენერგიის უფრო ეფექტურად გამოყენებით. რა თქმა უნდა, სახელმწიფო ორგანოებმა და გარემოს დაცვის ორგანიზაციებმა თავიანთი წვლილი უნდა შეიტანონ. მაგალითად, ჩადონ ინვესტიცია მდგრად ინფრასტრუქტურაში, ადრეული გაფრთხილების სისტემებსა და მდგრადი მიწათსარგებლობის დაგეგმვაში. ფიზიკურ პირებს, ასევე, შეუძლიათ გააკეთონ ეკოლოგიურად სუფთა არჩევანი და შეცვალონ ცხოვრების წესი. ნარჩენების შემცირება, წყლის დაზოგვა და მწვანე პოლიტიკის მხარდაჭერა – ამ წესის მთავარი, პირველი ნაბიჯებია.
marketer.ge
