თბილისში, ლოტკინის დასახლებაში მომხდარი აფეთქების დროს დაშავებული 21 წლის გოგონა კლინიკაში გარდაიცვალა. ინფორმაცია Ambebi.ge-ს გოგონას ახლობლებმა დაუდასტურეს. გოგონას სხეულის 48% დამწვარი ჰქონდა და ის დამწვრობის ცენტრში, რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული.
გარდაცვლილი გოგონა მარიამ ლობაქიძეა. ის აგარიდან იყო.
ძლიერი აფეთქება ლოტკინის დასახლებაში, 23 სექტემბერს, გაზის გაჟონვამ გამოიწვია.
“აფეთქების შედეგად დალეწილია ყველაფერი. მთელს სახლში იყო უზარმაზარი აფეთქება, ბეწვზე გადავრჩით… მოპირდაპირე მხარეს აფეთქდა 2 კომერციული ფართი. 2 დღეა ვამბობთ, რომ გაზის სუნია, მოვიდა სამაშველო, სახანძრო, პატრული და გვითხრეს, რომ ყველაფერი კარგად არის… პასუხისმგებელი პირი არავინ არის” – ჰყვებოდნენ მაშინ ადგილობრივები.
შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება 2 მუხლით – სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე და 240-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რომლებიც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევასა და ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს ექსპლუატაციის წესების დარღვევის გამო.