უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საერთაშორისო საზოგადოებას რუსეთის მიერ უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე მუდმივად მზარდი თავდასხმების საპასუხოდ რეაგირების არ არსებობის გამო აკრიტიკებს.
ზელენსკის აზრით, დასავლეთის უმოქმედობის გამო ვლადიმერ პუტინი მათ დასცინის.
„მსოფლიო საზოგადოებაში არ არსებობს ღირსეული, ძლიერი რეაგირება ყველაფერზე, რაც ხდება, თავდასხმების მუდმივად მზარდ მასშტაბებსა და თავხედობაზე. სწორედ ამიტომ აკეთებს ამას პუტინი: ის უბრალოდ დასცინის დასავლეთს, მათ დუმილს და ძლიერი საპასუხო ქმედებების არარსებობას“,- განაცხადა მან.
ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ რუსეთმა უარყო ომის დასრულების ან, სულ მცირე, თავდასხმების შეჩერების ყველა შეთავაზება და ახლა ღიად ცდილობს ზამთრის წინა პერიოდში სამოქალაქო ინფრასტრუქტურის, უფრო კონკრეტულად ბუნებრივი აირის ინფრასტრუქტურისა და ენერგეტიკული ქსელის – განადგურებას.
„ნულოვანი რეალური რეაქცია მსოფლიოსგან. ჩვენ ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ მსოფლიო არ დარჩეს ჩუმად და რუსეთმა იგრძნოს ეს პასუხი. ყველა რუსული რაკეტა, ყველა რუსული თავდასხმის დრონი შეიცავს კომპონენტებს, რომლებიც კვლავ მიეწოდება რუსეთს დასავლეთის ქვეყნებიდან, რუსეთის მიმდებარე სხვადასხვა ქვეყნიდან“,- განაცხადა ზელენსკიმ.
ცნობისთვის, უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთის მიერ უკრაინაზე მასშტაბურ საჰაერო თავდასხმას, სულ მცირე, ხუთი ადამიანი ემსხვერპლა. რაკეტებითა და დრონებით თავდასხმის შედეგად ასევე დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, მათ შორის ენერგეტიკული ობიექტები ქვეყნის არაერთ რეგიონში.
