5 ოქტომბრის დილით პოლონეთმა და ნატოელმა მოკავშირეებმა მზადყოფნაში მოიყვანეს საბრძოლო თვითმფრინავები, კიევის განცხადების ფონზე, რომ რუსეთმა უკრაინის მასშტაბით განახორციელა საჰაერო დარტყმების ახალი ტალღა – მათ შორის ლვოვის რეგიონში, პოლონეთის საზღვართან. დარტყმებს ემსხვერპლა სულ მცირე ხუთი ადამიანი.
“პოლონეთის და მოკავშირეების საჰაერო აღჭურვილობა მუშაობს ჩვენს საჰაერო სივრცეში, ხმელეთზე განთავსებული საჰაერო თავდაცვის და სარადარო დაზვერვის სისტემები მოყვანილია მზადყოფნის უმაღლეს სტადიაზე” – აცხადებს პოლონეთის საოპერაციო შტაბი სოციალური მედიით.
პოლონეთი ამ ზომებს უწოდებს “პრევენციულ” ნაბიჯებს, რომელთა მიზანია “საჰაერო სივრცის და მოქალაქეების დაცვა, განსაკუთრებით ხიფათის სამიზნედ ქცეული რეგიონის გვერდით”.
თითქმის ერთი თვის წინ რუსეთის დრონები შეიჭრნენ პოლონეთის საჰაერო სივრცეში, რის გამოც ნატოს საჰაერო ძალებს მოუწიათ ისინი გარდაეტაცათ და რამდენიმე აპარატი ჩამოეგდოთ.
10 სექტემბრის ეს ინციდენტი იყო პირველი პირდაპირი შეხება ნატოსა და რუსეთს შორის, მას მერე, რაც 2022 წლის თებერვალში მოსკოვი სრული მასშტაბით შეიჭრა უკრაინაში.
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი 5 ოქტომბერს აცხადებს, რომ სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა და 10-მდე პირი დაიჭრა “რუსეთის მხრიდან კომბინირებული თავდასხმის” შედეგად, რომელიც მოიცავდა “50-ზე მეტ რაკეტას და 500-მდე დრონს”. დარტყმების შედეგად ათი ათასობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, დაინგრა შენობები და ინფრასტრუქტურა.
“რუსებმა დღეს კიდევ დააარტყეს ჩვენს ინფრასტრუქტურას, ყველაფერს, რაც ადამიანებისთვის ნორმალურ ცხოვრებას უზრუნველყოფს” – წერს ზელენსკი ტელეგრამით.
უკრაინის პრეზიდენტმა დასავლელ მოკავშირეებს კიდევ ერთხელ მოუწოდა მისი ქვეყნის მხარდაჭერისკენ.
