ყველას მოვუწოდებ, რომ შეეგუონ ამ კონკრეტულ მოცემულობას. „ქართული ოცნება“ კიდევ ბევრი წლის განმავლობაში აიღებს პასუხისმგებლობას ქვეყნის მართვასა და განვითარებაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთობაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, პარტნიორი ქვეყნების მხრიდან პრაგმატული პოლიტიკა იქნება სასურველი, რომ ურთიერთობები გადაიტვირთოს.
„სასურველი იქნებოდა პრაგმატული თვალსაზრისით, რომ გადატვირთონ ურთიერთობები ქართველ ხალხთან, საქართველოს ხელისუფლებასთან და მის მმართველ ძალასთან – „ქართულ ოცნებასთან“. ეს პრაგმატული ნაბიჯი იქნებოდა, მაგრამ ბევრს შეიძლება გაუჭირდეს ამის გაკეთება – როდესაც ერეოდი უხეშად არჩევნებში, როდესაც ღიად უჭერდი მხარს დამხობის მცდელობას, შემდეგ უცბად რთულია გადაწყობა ახალ რეალობაზე. მკაფიოდ ჩამოყალიბებული კონცეფცია გვაქვს საერთაშორისო პოლიტიკისთვის. ეს ცალმხრივი მეგობრობის კონცეფციაა, ჩვენ ყველასთან მზად ვართ ცალმხრივი მეგობრობისთვის, მზად ვართ დავივიწყოთ ის ფაქტი, რომ ევროკავშირის ელჩი შარშან უხეშად ერეოდა ჩვენს დემოკრატიულ არჩევნებში და ამომრჩევლებს მოუწოდებდა მხარი დაეჭირათ ოპოზიციისთვის, ღია მოწოდებით გამოვიდა ამასთან დაკავშირებით. ჩვენ შეგვიძლია დავივიწყოთ ისიც, რომ ევროკავშირის ოფიციალური პრესსპიკერი გამოვიდა რამდენიმე დღის წინ და მხარდაჭერის გამოუცხადა დამხობის აქციას.
მზად ვართ ყველაფერი დავივიწყოთ და გადავტვირთოთ ურთიერთობები, სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ, განვაახლოთ ურთიერთობები, ეს არის ჩვენი გაწვდენილი ხელი, მზად ვართ ყველასთან მეგობრობისთვის და ურთიერთობისთვის.
არაერთი მაღალი რანგის ლიდერის მხრიდან დაფიქსირდა ინტერესი ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით, დაველოდოთ, ეს მოვლენებიც იმოქმედებს ამ განწყობის უფრო მეტად გაუმჯობესებაზე. ჩვენი ხელი არის გაწვდილი ყველა მიმართულებით, და იმედია, რომ შემხვედრი ნაბიჯები იქნება, განსაკუთრებით ეს ეხება ევროკავშირს, საიდანაც მეტი აგრესია მოდის ქართველი ხალხის მიმართ, იმის გამო, რომ ქართველმა ხალხმა შარშან, წელს მხარი დაუჭირა და ნდობა „ქართულ ოცნებას“ გამოუცხადა.
ჩვენ ალბათ უნდა დავრჩეთ ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში. მოლდოვაში მითუმეტეს, იქ არის ტრაგიკული მდგომარეობა, თან გაცხადებული მიზანი აქვთ, რომ უნდათ ევროინტეგრაცია, თან მოლდოვაში მცხოვრები მოსახლეობის მხოლოდ 55% უჭერს მხარს ევროინტეგრაციას, რომელიც რეფერენდუმით დაფიქსირდა, მოლდოვას თან ევროინტეგრაცია უნდა და თან დსთ-ს წევრად რჩება, ამ აბსურდს ვერც ხსნიან, კორუფცია ყვავის, უმძიმესი მდგომარეობაა ამ მხრივ, რომელიც აისახება პირდაპირ ეკონომიკაზე. 11 მილიარდი დოლარით გავზარდეთ სხვაობა ჩვენს ეკონომიკებს შორის, ამ 4 წლის განმავლობაში. მოლდოვაში სუსტი ინსტიტუტებია, კორუფცია ყვავის, არ აქვთ გამართული ეკონომიკური მენეჯმენტი“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
