გასულ ღამით და კვირას დილით ისრაელმა თვითმფრინავებით და ტანკებით იერიში მიიტანა ღაზის სექტორზე – იმ ფონზე, როცა პალესტინელები აშშ-ის გეგმის განხორციელებას ელიან ომის დასასრულებლად.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა – რომელიც გამოვიდა დაბომბვის დასრულების მოწოდებით – შაბათს თავისი სოციალურ პლატფორმაზე, Truth Social-ზე დაწერა, რომ ისრაელი დათანხმდა “გასვლის პირველად ხაზს” ღაზის შიგნით და რომ “როგორც კი ჰამასი დაადასტურებს, ცეცხლის შეწყვეტა დაუყოვნებლივ ამოქმედდება”.
ისრაელის მხრიდან ვითარების ესკალაციის ფონია ეგვიპტეში მიმდინარე სამზადისი ჰამასის, ისრაელის, აშშ-ის და კატარის წარმომადგენლების მისაღებად, რათა დაიწყოს მოლაპარაკებები კონფლიქტის შეჩერების მიზნით.
აშშ-ის და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებულმა ჰამასმა პარასკევს გამოაცხადა, რომ ეთანხმება ტრამპის 20-პუნქტიანი სამშვიდობო წინადადების რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს, მათ შორის ომის დასრულებას, ისრაელის ძალების გაყვანას და ისრაელელი მძევლების და პალესტინელი პატიმრების გათავისუფლებას.
თუმცა, ჯგუფმა რამდენიმე საკითხი კვლავ მოლაპარაკების საგნად გამოაცხადა, ასევე უპასუხოდ დატოვა კითხვები – მათ შორის ის, აპირებს თუ არა ჯგუფი განიარაღებას, რაც ისრაელის მთავარი მოთხოვნაა ომის დასასრულებლად.
“პროგრესი დამოკიდებული იქნება იმაზე, დათანხმდება თუ არა ჰამასი რუკას, რომლის თანახმადაც ისრაელის არმია შეინარჩუნებს კონტროლს ღაზის სექტორის უდიდეს ნაწილზე”, – უთხრა მოლაპარაკებაში გათვითცნობიერებულმა პალესტინელმა პირმა როიტერსს, ანონიმურობის დაცვის პირობით.
“ჰამასმა, შესაძლოა, ასევე მოითხოვოს მკაცრი გეგმა ისრაელის ძალების გასვლისთვის ღაზიდან. მოლაპარაკების პირველი ფაზა გამოაჩენს როგორ განვითარდება პროცესი”, – დასძინა მან,
ქალაქ ღაზაში, რომელსაც ისრაელი უწოდებს ჰამასის ერთ-ერთ უკანასკნელ ბასტიონს, ისრაელის ძალებმა წინ წაიწიეს შეტევით და მოსახლეობა, რომელმაც ქალაქი დატოვა, გააფრთხილეს უკან აღარ დაბრუნდეს, რადგან ქალაქი წარმოადგენს “ბრძოლის სახიფათო ზონას”
ტრამპის გეგმის თანახმად, ყველა ისრაელელი მძევალი – ცოცხალიც და გარდაცვლილიც – უნდა გადაცემულ იქნეს 72 საათში მას მერე, რაც ისრაელი საჯაროდ დათანხმდება შეთანხმებას.
გაურკვეველია ზუსტად რა მომენტში უნდა ამოქმედდეს 72-საათიანი ვადა, რადგან ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ გეგმას დათანხმდა რამდენიმე დღით ადრე, ვიდრე მას ჰამასი უპასუხებდა.
ისრაელი აცხადებს, რომ დარჩენილია 48 მძევალი, მათგან 20 ცოცხალია.
არის ლოგისტიკური სირთულეებიც. ჰამასთან დაახლოებულმა წყაროებმა როიტერსს უთხრეს, რომ ცოცხალი მძევლების გადაცემა არ იქნება რთული, მაგრამ დაღუპულების ცხედრების მოძიებას შესაძლოა რამდენიმე დღეზე მეტი დრო დასჭირდეს, ღაზაში ნგრევის მასშტაბის გათვალისწინებით.
ტრამპმა პარასკევს თქვა, ჰამასმა აჩვენა, რომ ის “მზადაა გრძელვადიანი მშვიდობისთვისო” და ნეთანიაჰუს მთავრობას მოუწოდა შეწყვიტოს ღაზაზე საჰაერო თავდასხმები.
საშინაო კონტექსტში ნეთანიაჰუ მზარდი ზეწოლის ქვეშაა, ერთი მხრივ, ომის დასასრულებლად, რასაც მძევალთა ოჯახები და ომით დაღლილი მოქალაქეები მოითხოვენ, მეორე მხრივ კი, თავისი კოალიციის რადიკალი წევრების მოთხოვნების გამო – რომ ისრაელმა ღაზაში თავისი საბრძოლო კამპანია არ უნდა დათმოს. ულტრამემარჯვენე ორიენტაციის ფინანსთა მინისტრი, ბეზალელ სმოტრიჩი პლატფორმაზე X წერს, რომ ღაზაზე დარტყმების შეწყვეტა “მძიმე შეცდომა” იქნება.
სმოტრიჩსა და ასევე რადიკალური შეხედულებების მქონე უსაფრთხოების მინისტრ იტამარ ბენ-გვირს მნიშვნელოვანი გავლენა აქვთ ნეთანიაჰუს მთავრობაზე და გამოდიან მუქარით, რომ ამ მთავრობას ჩამოშლიან, თუ ღაზაში ომი დასრულდება.
ისრაელმა ღაზაზე შეტევა დაიწყო 2023 წლის 7 ოქტომბრის შემდეგ – იმ დღის შემდეგ, როცა ჰამასის ხელმძღვანელობით ისრაელზე განხორციელებულ თავდასხმას ემსხვერპლა 1200-მდე ადამიანი, ძირითადად სამოქალაქო პირები. ისრაელის მონაცემებით, 251 ადამიანი კი მძევლად აიყვანეს.
ისრაელის საპასუხო შეტევას ღაზაში ემსხვერპლა 67 000-ზე მეტი ადამიანი, უმეტესად სამოქალაქო პირები – ამ მონაცემს ღაზის ჯანდაცვის მესვეურები ავრცელებენ.
