ირანის და ჰეზბოლას წარმომადგენლებმა 12 იანვრის ღამეს აშშ-ს და დიდი ბრიტანეთის ერთობლივი იერიში ჰუსიტების პოზიციებზე დაგმეს. ირანის წარმომადგენელმა თქვა, რომ ეს თავდასხმა ხელს შეუწყობს რეგიონის არასტაბილურობას და დაუცველობას.
“ეს თავდასხმები იემენის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის აშკარა დარღვევაა. ასევე ესაა საერთაშორისო სამართლის დარღვევაც” – თქვა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ნასერ ქანანიმ.
ირანის ამ განცხადებას ლიბანური ტერორისტული ორგანიზაცია ჰეზბოლაც შეუერთდა. ჰეზბოლას წარმომადგენლის თქმით, ამერიკის ეს აგრესია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ამერიკა ისრაელის თანამზრახველია იმ სისასტიკეებსა და ტრაგედიებში, რაც ღაზაში და მსოფლიოში ხდება.
როგორც ჰეზბოლას, ისე ჰუსიტების მთავარი პარტნიორი და დამფინანსებელი ირანის ისლამური რესპუბლიკაა.