ტრაგედია დატრიალდა წუხელ თბილისში. ისანში, “არქის” კორპუსის ეზოში სამი ადამიანი, დედა, მამა და შვილი გარდაცვლილი ნახეს. გარდაცვალების მიზეზი სიმაღლიდან ვარდნაა.
- არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილები სავარაუდოდ, რუსეთის მოქალაქეები არიან, რომლებსაც კორპუსში ბინა ჰქონდათ ნაქირავები. ადგილობრივები ჰყვებიან, რომ პირველად 20-ე სართულიდან შვილი გადმოვარდა, შემდეგ დედა და ბოლოს მამაკაცი.
“02:30 საათზე მოხდა, ჯერ ბავშვი გადმოვარდა, მერე დედა და ბოლოს მამაკაცი. საშინელი ხმა იყო. დაახლოებით 17-18 წლის ბიჭი იქნებოდა. ქირით იყვნენ, ეს იმდენად მასშტაბური კომპლექსია, თითქმის ყველა ბინა გაქირავებულია, ბინიდან ჯერ პარკი გადმოვარდა, ტანსაცმელები იდო, წამებში ბავშვი გადმოჰყვა, მერე დედა და რაღაც უმნიშვნელო ინტერვალში მამაკაცი” – უყვება Ambebi.ge-ს ადგილობრივი.
კიდევ ერთი ადგილობრივი “რადიო თავისუფლებას” ეუბნება, რომ სიმაღლიდან ვარდნისას არცერთ მათგანს არ უყვირია:
“არ ვიცი, როდესაც სიმაღლიდან ვარდება ადამიანი, ალბათ ინსტიქტურად მაინც უნდა დაიყვიროს, მაგრამ სამივე ისე გადმოვარდა, რომ ვარდნისას არ უყვირიათ. მეზობლებმა ისიც კი იფიქრეს, უკვე დახოცილები ხომ არ იყვნენ და ისე გადმოყარესო“, – ამბობს მეზობელი.
მისივე თქმით, პოლიციამ გარდაცვლილი კაცის ტანსაცმელში წერილი იპოვა:
“გავიგეთ, როგორ კითხულობდა ერთ-ერთი პოლიციელი წერილს, რომელიც კაცის ჯიბეში იპოვეს. წერილი რუსულ ენაზე იყო დაწერილი. შინაარსი, რომელსაც ყური მოვკარით, დაახლოებით ასეთი იყო – ჩვენ არ ვართ მორწმუნეები და რაც დაგვემართა, ჩვენი ბრალიაო”.
როგორც შსს-ში გვითხრეს, ამ ეტაპზე სუიციდის ვერსია განიხილება, თუმცა სხვა ვერსიების მიმართულებით გამოძიება დაიწყო. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.