“რადიო თავისუფლების” ინფორმაციით, “ქართული ოცნების” მიერ აშშ-ში დანიშნული ელჩი, თამარ ტალიაშვილი სახელმწიფო დეპარტამენტში დაიბარეს. როგორც გამოცემა იუწყება, ეს ინფორმაცია მათ საქართველოში აშშ-ს საელჩომ მიაწოდა.
“ღრმად შეშფოთებულები ვართ, რომ საქართველოს მთავრობის მაღალჩინოსნები უპასუხისმგებლოდ ავრცელებენ მედიის მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, რამაც გამოიწვია საზოგადოების შევიწროებისა და დაშინების კამპანია, რომელიც მთლიანად ცრუ ინფორმაციაზეა დაფუძნებული”, – “რადიო თავისუფლების” ინფორმაციით, ეს პასუხი მიიღეს საქართველოში აშშ-ის საელჩოს სპიკერისგან.
მათივე ინფორმაციით, ტალიაშვილი დაიბარეს, რათა “სერიოზული წინააღმდეგობა გამოეთქვა საქართველოს მთავრობის ოფიციალური პირების განცხადებებზე, რომლებიც აძლიერებენ მედიაში გაჟღერებულ ცრუ ინფორმაციას, რომელიც არასწორად ახასიათებს აშშ-ის მთავრობის რუტინულ ფინანსურ ტრანსფერებს აშშ-ის ხელისუფლების ყოფილი თანამშრომლების მიმართ”.
რადიო თავისუფლებამ საელჩოს ჰკითხა, რა კომენტარს გააკეთებდნენ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, მამუკა მდინარაძის კომენტარსა და პრო-სახელისუფლებო მედიაში გავრცელებულ ცნობებზე თითქოსდა “ტაილანდიდან” “რადიკალების” და “რევოლუციური მიზნების” დაფინანსების შესახებ.
“სახელმწიფო დეპარტამენტის გლობალური ფინანსური მომსახურების ცენტრი ბანგკოკში მნიშვნელოვან როლს ასრულებს აშშ-ის მთავრობის ოპერაციების მხარდასაჭერად მთელ მსოფლიოში თანხების განაწილებაში. ეს ფინანსური მომსახურების ცენტრი გადახდებს ახორციელებს აშშ-ის თანამშრომლებისთვის, ადგილობრივი თანამშრომლებისთვის, კონტრაქტორებისთვის, მასპინძელი მთავრობებისთვის და სხვა პარტნიორებისთვის. ეს ტრანზაქციები არის რუტინული, გამჭვირვალე და ხორციელდება აშშ-ისა და მასპინძელი ქვეყნის კანონებისა და რეგულაციების სრული დაცვით”, – წერია საელჩოს მიერ “რადიო თავისუფლებისთვის” მიწერილ წერილში.
საქმე ეხება “ქართული ოცნების” სახელმწიფო უსაფრთხოების უფროსის, მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომელმაც 1-ელ ოქტომბერს თქვა, რომ აშშ საქართველოში აფინანსებს “რადიკალ რევოლუციონერებს” და ამას აკეთებს ტაილანდიდან.
“ასეთი მიზნობრიობით იხარჯება ამერიკელი გადამხდელის ფული, რომელმაც თავისი ქვეყნის ხელისუფალი აირჩია იმისათვის, რომ, დავუშვათ, კი ბატონო, ებრძოლოს – მათი გადმოსახედიდან გასაგებია ყველაფერი – ჩინურ საფრთხეებს და ა.შ. მაგრამ ეს თანხა რეალურად სხვა მიზნობრიობით იხარჯება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
