ვფიქრობ, მთავარი მიზეზი, რატომაც ეუთო/ოდირი არ ჩამოვიდა საქართველოში, არის ის, რომ იყო უპრეცედენტო თავდასხმები რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, მათი უცხოელი მფარველების მხრიდან, ასეთ ფონზე ეუთო/ოდირს ჰქონდა თავშეკავების მიზეზი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, თვითმმართველობის არჩევნებისთვის ძალიან ბევრი დამკვირვებელია საქართველოში ჩამოსული.
„რეალურად ძალიან ბევრი დამკვირვებელია ჩამოსული. ცესკოს ჰქონდა ბრიფინგი და არის ბევრი დამკვირვებელი ჩამოსული, თუ არ ვცდები, 1000-ზე მეტი დამკვირვებელია ჩამოსული. ჩვენ ასევე მოვიწვიეთ ეუთო/ოდირი, თუმცა მათ მოიწერეს პასუხი, რომ ვერ მოახერხებდნენ მისიის დაკომპლექტებას.
2007 წელს არჩევნებამდე ერთი თვით ადრე მოიწვიეს ეუთო/ოდირი და ძალიან ადვილად მოხერხდა მაშინ მისიის დაკომპლექტება, ამიტომ ეს ვადა რეალურად იყო საბაბი. მე ვფიქრობ, მთავარი მიზეზი, რატომაც ეუთო/ოდირი არ ჩამოვიდა საქართველოში, არის ის, რომ იყო უპრეცედენტო თავდასხმები რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, მათი უცხოელი მფარველების მხრიდან ეუთო/ოდირზე, ასეთ ფონზე ეუთო/ოდირს ჰქონდა თავშეკავების მიზეზი. სამ წელიწადში ეუთო/ოდირი აუცილებლად იქნება საქართველოში და როგორც ეს მიღებულია, დააკვირდება საპარლამენტო არჩევნებს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ამასთან, კობახიძე არჩევნებში მოსახლეობის აქტივობის საკითხსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მთავარი მიზეზი, რატომაც შეიძლება იყოს გარკვეული კლება აქტივობაში არის ის, რომ ოპოზიციას მთლიანად აქვს გადაწურული გამარჯვების იმედი.
„მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტმა მოქალაქემ მიიღოს მონაწილეობა დღევანდელ არჩევნებში. იმ ფონზე, რომ ოპოზიციას აქვს საერთოდ დაკარგული გამარჯვების იმედი, რა თქმა უნდა, აქტივობა არის შედარებით დაბალი. ზოგადადაც, თქვენ იცით, რომ მუნიციპალურ არჩევნებს ახასიათებს შედარებით დაბალი აქტივობა და იმ ფონზე, რომ ოპოზიციას საერთოდ არ აქვს არჩევნებში გამარჯვების იმედი, რა თქმა უნდა, მათი ამომრჩეველი არის დემოტივირებული. თუმცა ამ ფონზე აქტივობა მაინც საკმაოდ მაღალია. 10:00-საათიანი ციფრები გამოცხადდება, 12:00-საათიანი ციფრები გამოცხადდება და ნახავთ, საბოლოო ჯამში, როგორია საერთო სურათი. მთავარი მიზეზი, რატომაც შეიძლება იყოს გარკვეული კლება აქტივობაში არის ის, რომ ოპოზიციას მთლიანად აქვს გადაწურული გამარჯვების იმედი. 3 წელიწადში, როდესაც ჩატარდება საპარლამენტოო არჩევნები, 2028 წლის 28 ოქტომბერს, ყველა ნახავთ, რომ აქტივობა იქნება მაღალი. ეს, რა თქმა უნდა, მათ შორის, განპირობებულია იმით, რომ ცესკო-ს მიმართ ნდობა არის ძალიან მაღალი. 60 %-ს სცილდება ამ კონკრეტული ინსტიტუტის მიმართ ნდობაც და ეს მოიტანა ჩვენმა ხელისუფლებამ. 2012 წლამდე, გახსოვთ, რომ სისტემურად და სისტემატურად ყალბდებოდა არჩევნები და 2012 წლის დემოკრატიული გარდატეხის ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი არის ის, რომ ქვეყანაში ტარდება სამართლიანი არჩევნები,“ – განაცხადა პრემიერმა.
