„ლელომ“ თბილისის უბნებში კამერები განათავსა და როგორც ირკვევა, ამ კამერებს აქვს ხმის ჩაწერის ფუნქცია, რაც დარღვევაა და ამასთან დაკავშირებით ჩვენ აუცილებლად დავწერთ საჩივარს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილი გამოეხმაურა „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, თაზო დათუნაშვილის განცხადებას, რომ „თბილისში საარჩევნო უბნების ნაწილში, მოქალაქეებზე 2-2 ბიულეტენი გაიცა, რეგიონებში კი საარჩევნო უბნებთან პირდაპირ მიმდინარეობს ამომრჩევლის მოსყიდვა“. აღნიშნულის საპასუხოდ პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ეს „ცრუ ნარატივია“.
„ცრუ ნარატივებს შეეშვას ყველა! „ლელო“ განსაკუთრებით ჩართულია საკუთარი ტელევიზიის მეშვეობით, რომ სიტუაცია გარკვეულად დაზაფროს, მაგრამ არაფერი არ გამოსდის. პირიქით, მე ვთქვი ის დარღვევა, რაც „ლელოს“ მხრიდან არის – ოზურგეთში არ გაჰყვნენ გადასატან ყუთს. მეორე, რაზეც ჩვენ აუცილებლად საჩივარს შევიტანთ, იცით, რომ „ლელომ“ განათავსა კამერები თბილისის უბნებში და როგორც ირკვევა ამ კამერებს აქვს ხმის ჩაწერის ფუნქცია, რაც არის დარღვევა და ამასთან დაკავშირებით ჩვენ დავწერთ აუცილებლად საჩივარს. ისინი იწერენ, როგორც ჩანს, სურთ ხმის ჩაწერის ფუნქცია. მათ შორის, ერთ-ერთ უბანზე იყო „ლელოს“ წარმომადგენლის მხრიდან, საჩივარს წერდა თითქოს გაჟონვასთან დაკავშირებით, თუმცა ისე, რომ არანაირი მტკიცებულება არ ჰქონდა, ესეც დავაფიქსირეთ“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილმა ასევე, უარყო გავრცელებული ინფორმაცია, საარჩევნო უბნებზე თანხით შესაძლო მოსყიდვის მცდელობის შესახებ.
„[ფულის დარიგებაც] გაცვეთილი ცრუ ნარატივია. წინა არჩევნებიდანაც გვახსოვს ამგვარი ცრუ ნარატივი, რომელიც შემდგომ მალევე ირკვეოდა, რომ იყო ცრუ. შეიძლება, ვიღაცამ ვიღაცას რაღაც ფული გადასცეს, მაგრამ ეს შეიძლება იყოს ყოფითი ურთიერთობის დონეზე და არაფერი კავშირი ჰქონდეს არჩევნებთან. გვახსოვს, ქმარმა თავის ცოლს მისცა თანხა და ეს უნდოდათ შეესაღებინათ ქართული საზოგადოებისთვის, თითქოს ამომრჩევლის მოსყიდვა ხდებოდა. იმედია, არავინ იფიქრებს იმაზე, რომ ქმრები ცოლების მოსყიდვას ფიქრობენ არჩევნების დღეს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
