მხარი დავუჭირე „ქართულ ოცნებას“, რადგან „ქართული ოცნება“ ერთადერთი პოლიტიკური ძალაა, რომელსაც ყველა არჩევნებზე რეალური და სწორი ხედვა აქვს იმისა, თუ როგორ უნდა განვითარდეს ჩვენი ქვეყანა, ამ შემთხვევაში, მუნიციპალიტეტები, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა, ზუგდიდში, საარჩევნო უბანზე საკუთარი ხმის დაფიქსირების შემდგომ ჟურნალისტებს განუცხადა.
ჩიქოვანის განცხადებით, მთელი საქართველოს მასშტაბით „ქართული ოცნება“ დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს“.
„მე მხარი დავუჭირე „ქართულ ოცნებას“. მხარი დავუჭირე „ქართული ოცნების“ კანდიდატს, ჩემს მეგობარს, დავით კოდუას. დარწმუნებული ვარ, რომ არა მარტო ზუგდიდში, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით, ყველა მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნება“ დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს და „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატები გაიმარჯვებენ და საკრებულოებშიც ექნება მყარი უმრავლესობა. იმიტომ, რომ „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც ამ არჩევნებზე და სხვა არჩევნებზეც, რეალური და სწორი ხედვა იმისა აქვს, თუ როგორ უნდა განვითარდეს ჩვენი ქვეყანა. ამ შემთხვევაში, როგორ უნდა განვითარდეს ჩვენი მუნიციპალიტეტები. როგორ უნდა შევძლოთ იმ მაღალი ტემპის შენარჩუნება, რომელიც დაკავშირებულია მუნიციპალიტეტების განვითარებასთან და უკეთესი საცხოვრებელი პირობების შექმნასთან ჩვენი მოქალაქეებისათვის“,- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
