თამო კეშელავა: გენერლებო, “ტიტუშკებმა” სცემეს სტუდენტები, პოლიცია დგას და უყურებს, ძალადობას ხომ ემიჯნებით? ემიჯნები რა, რომელი ნობელის პრემიის ლაურეატები თქვენ ხართ, ან…

ჟურნალისტი თამო კეშელავა:
გენერლებო, “ტიტუშკებმა” სცემეს სტუდენტები, პოლიცია დგას და უყურებს, ძალადობას ხომ ემიჯნებით?
ერთხელ არ გიცდიათ რუსეთთან მეომარი ბავშვების დაცვა 10 თვეში, ერთხელაც!
ემიჯნები რა, რომელი ნობელის პრემიის ლაურეატები თქვენ ხართ, ან სად გინახავთ მშვიდობა დაპყრობილთან, დამონებულთან, ნაცემთან, უკანონოდ დაჭერილთან?
მაღალ თანამდებობებზე იყავით ჯარში, ჯარისკაცები უნდა გაგეზარდათ, ფიცი გაქვთ დადებული სამშობლოს და ხალხის დაცვაზე და თქვენ ხელში რა ომს მოვიგებდით და რა ჯარი გვეყოლებოდა, ყოფილხართ ავაზაკები.
გენერლებო, განა რა უნდა ჭამოთ ამ საღამოს ვახშმად ეგეთი, განა რა ფასი უნდა ჰქონდეს აწი თქვენს ცხოვრებას, როცა თქვენს ქვეყანაში, თქვენს ქალაქში ბავშვებს ასისხლიანებენ და თქვენ ბინძური ხელები ნაცემ ბავშვებს შეახოცეთ!
პილატემ დაიბანა ხელები და მაინც მკვლელად დარჩა და თქვენ, იქეთ შეახოცეთ!
სადაც კაცობის დაკვეხნა სცადოთ, მიიხედ-მოიხედეთ, სადმე, გოგო არ ვიყოთ რომელიმე, ვინც ვიცით, რანი ხართ და შეგვიძლია პირში მოგახალოთ, რადგან ჩვენ იმ ქალის შთამომავლები ვართ, ხმალამოღებული რომ უყურებს თბილისს.
ხვალ პლედები დაიფარეთ, ემანდ არაფერი გაგიცივდეთ, გენერლებო.
ბავშვებს რომ ასისხლიანებენ, იმ ქალაქის დაცვაზე რომ უარი თქვა, იმ გენერალმა დიდხანს უნდა იცოცხლოს, რათა ცოცხალ მაგალითად ვაჩვენოთ, როგორი არ უნდა იყოს ჯარისკაცი!
შეგახსნებეთ, გენერლებმა – მამუკა ყურაშვილმა და ზაზა გოგავამ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს:
,,ბოლო სამი ათწლეულია ვუყურებთ ჩვენს ქვეყანაში მუდმივ დაპირისპირებას. სამწუხაროდ, მოქმედმა ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ დაპირისპირება შემცირებულიყო, პირიქით, კიდევ უფრო აღვივებს მას, მათ შორის ახალგაზრდების პატიმრობით. როგორც ჩანს, არც ამ დღეებში აპირებენ უკანდახევას და რაიმე კომპრომისზე წასვლას.
ამავე დროს, მეორე მხრიდან არ ჩანს არანაირი რეალური და მკაფიო გეგმა, როგორ შეიძლება ხელისუფლების ცვლილება კანონიერი გზით. ცალკეული ჯგუფების მხრიდან ძალადობრივი მოწოდებები კი პირიქით – ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს.
ამიტომ, კატეგორიულად ვემიჯნებით ყოველგვარ ძალადობრივ გეგმას და მოვუწოდებთ ყველას, ვინც ფიქრობს ქვეყანაზე და არა საკუთარ თავზე, თავი შეიკავონ პროვოკაციული ქმედებებისგან, რომელსაც თავს ახვევენ ახალგაზრდებს და მომავალში ვიბრძოლოთ ისეთი მეთოდებით, რაც არ დააზიანებს არც ქვეყანას და არც ჩვენს ახალგაზრდობას! გენერალი მამუკა ყურაშვილი, გენერალი ზაზა გოგავა!”