უკრაინის დონეცკის რეგიონში დაიღუპა ფრანგი ფოტოჟურნალისტი ანტონი ლალიკანი.
მას დრუჟკივკას მახლობლად დრონით დაესხნენ თავს 3 ოქტომბრის დილით.
ჟურნალისტთა ეროვნული კავშირის ხელმძღვანელის, სერგეი ტომილენკოს თქმით, თავდასხმის დროს კიდევ ერთი ჟურნალისტი, დამოუკიდებელი ფოტოჟურნალისტი გეორგი ივანჩენკო დაიჭრა.
უკრაინის არმიის მე-4 ცალკეული მძიმე მექანიზებული ბრიგადის განცხადების თანახმად, ჟურნალისტებს თავს დაესხა რუსეთის დისტანციურად მართვის (FPV) დრონი. ჟურნალისტებს ეკეთათ წარწერა „პრესა“.
უკრაინის ფოტოგრაფთა ასოციაციის Instagram-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ნათქვამია, რომ ლალიკანი და ტომილენკო მანქანაში იმყოფებოდნენ, თუმცა ეს ფოტო მოგვიანებით პოსტიდან წაიშალა.
38 წლის ლალიკანი 2022 წლიდან უკრაინის საომარ ზონაში მუშაობს ჰანს ლუკასის ფოტოსააგენტოში. მისი ფოტოები გამოქვეყნებულია წამყვან მედიასაშუალებებში. 2024 წელს, ბეზანსონის ფოტოგრაფიის ფესტივალზე მას ვიქტორ ჰიუგოს პრემია მიენიჭა მისი ფოტოესესთვის „უეცრად ცა დაბნელდა“.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა სოციალურ ქსელში სამძიმარი გამოუცხადა ლალიკანის ოჯახს, მეგობრებსა და კოლეგებს.
2022 წლიდან მოყოლებული, უკრაინაში ომის გაშუქებისას 30-ზე მეტი ჟურნალისტი და მედიის თანამშრომელი დაიღუპა, ათობით დაიჭრა.