საქართველოში მძიმე რეპრესიებისა და ძალადობის რისკის ფონზე ტარდება — Amnesty International

საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაცია Amnesty International განცხადებას ავრცელებს, სადაც საქართველოში თვითმმართველობის არჩევნებსა და ფონად არსებულ პოლიტიკურ რეპრესიებს, ძალადობის რისკებს აფასებს.
ორგანიზაციის თქმით, ოთხ ოქტომბერს დაგეგმილი თვითმმართველობის საქართველოში ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა მიმართ სასტიკი პოლიტიკური რეპრესიების ფონზე ჩატარდება. ორგანიზაციას დოკუმენტირებული აქვს რეპრესიები, მათ შორის, პოლიტიკურად მოტივირებული ანგარიშსწორების ფაქტები ოპოზიციის წარმომადგენელთა მიმართ, დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების შემზღუდველი და მათ დადუმებაზე ორიენტირებული კანონები და სხვა სადამსჯელო ზომები, პროტესტის მონაწილეთა თვითნებური დაკავება და არასათანადო მოპყრობა.
„ოპოზიციის ლიდერები ციხეში სხედან, სამოქალაქო ორგანიზაციები თავდასხმის ქვეშ არიან. ამ დროს საქართველოს მთავრობა საარჩევნო კამპანიას აწარმოებს. ადამიანებს შეზღუდული აქვთ თავისუფლად გამოხატვის, შეკრებისა და მშვიდობიანი მანიფესტაციის უფლებები“, — აღნიშნავს დენის კრივოშეევი, ორგანიზაციის წარმომადგენელი აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში.
„საქართველოს მთავრობამ უნდა შეასრულონ ნაკისრი ვალდებულებები ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით და შეწყვიტოს საპოლიციო ძალების უკანონო გამოყენება, თვითნებური დაკავებები, პროტესტის მონაწილეთა წამება და არასათანადო მოპყრობა. ადამიანის უფლებათა მსგავსმა რღვევებმა ქვეყანა უკვე შეიყვანა ღრმა კრიზისში 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ.“
ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ მართლმსაჯულების სისტემის ბოროტად გამოყენებით უსწორდება ივანიშვილის ხელისუფლება კრიტიკოსებს და რომ 2024 წლის მიწურულიდან, სისხლის სამართლებრივი დევნის სამიზნე გახდა ათობით პოლიტიკური აქტივისტი და დემონსტრანტი. 60-მდე ადამიანია დაკავებული ანტისამთავრობო პროტესტში მონაწილეობის გამო. ათობით მათგანს უკვე მიესაჯა პატიმრობა სამართლიანობის პრინციპის დამრღვევ სასამართლოში. პოლიტიკურ პატიმრებს შორის არის ოპოზიციის 9 წარმომადგენელი. 2025 წლის 29 სექტემბერს დააკავეს მათ შორის უკანასკნელი, გელა ხასაია, რომელიც წარმოადგენს პარტიას „გირჩი — მეტი თავისუფლება“.
„დამოუკიდებელ საზოგადოებრივ ჯგუფებსა და მედიას ახშობენ რეპრესიული კანონებით, სამართლებრივი და სხვა საშუალებების ფართო სპექტრის გამოყენებით. დამოუკიდებელ არასამთავრობო ორგანიზაციებს იძულებულს ხდიან, დარეგისტრირდნენ ე.წ. „უცხოური აგენტების“ კანონის ფარგლებში. ისინი ხდებიან სამიზნე თვითნებური ინსპექტირებისა და გამოძიებისთვის. გაყინულია მათი ანგარიშები“, — ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში, სადაც ასევე საუბარია „საბოტაჟთან ბრძოლის“ საბაბით ორგანიზაციების ხელმძღვანელების გამოკითხვებსა და მათი შევიწროების სხვა საშუალებებზე, რამაც, მაგალითად, საია-ს წაართვა არჩევნებზე დაკვირვების შესაძლებლობა.
ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს ასევე მედიასაშუალებებზე განხორციელებულ ზეწოლაზე. მათ შორის, „მთავარ არხზე“, რომელიც იძულებული გახდა, რომ მაისიდან მაუწყებლობა შეეწყვიტა. ჟურნალისტები კი, რომლებიც პროტესტს აშუქებენ, თავდასხმის, სიტყვიერი შეურაცხყოფის, თვითნებური დაკავებების, შევიწროების მსხვერპლი ხდებიან პოლიციის მხრიდან. სულ მცირე, ერთ უცხოელ ჟურნალისტს ეთქვა უარი საქართველოში შემოსვლაზე, რომ არჩევნები გაეშუქებინა.