გარდაბანი 3-ის თბოსადგურის ინვესტორის შერჩევის კონკურსი მეოთხედ გახანგრძლივდა. ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიერ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, აუქციონის დასრულების ვადა კიდევ ერთხელ, ამჯერად 2024 წლის 29 თებერვლამდე გადავადდა.
ამასთან შეიცვალა კონკურსის აღწერაც თუკი აქამდე ინვესტორებს წინადადების წარდგენა საბოლოო ვადამდე ნებისმიერ დროს შეეძლოთ, ახალი პირობით მათ წინადადებები 2024 წლის 22 თებერვლიდან – 29 თებერვლის პერიოდში უნდა გააგზავნონ GOGC-ში.
წინადადებები წარმოდგენილი უნდა იყოს მხოლოდ ელექტრონული ფორმით, 2024 წლის 22 თებერვლიდან 2024 წლის 29 თებერვლის 18:00 საათამდე (ადგილობრივი დროით) – ნათქვამია განცხადებაში.
გადაიწია საბანკო გარანტიის მოქმედების ვადაც და ის დაინტერესებული კომპანიებისთვის 2024 წლის მარტის ჩათვლით განისაზღვრა.
გარდაბნის მუნიციპალიტეტში 350-430 დადგმული მგვტ სიმძლავრის კომბინირებული ციკლის ენერგოეფექტური თბოელექტროსადგურის მშენებლობაზე აუქციონის გამოცხადება 2023 წლის მაისში გადაწყდა.
აღსანიშნავია, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტში 272 მგვტ სიმძლავრის კომბინირებული ციკლის მე-3 თბოელექტროსადგურის მშენებლობა იგეგმებოდა, თუმცა ელექტროენერგიის მოხმარების მნიშვნელოვნად ზრდის ტენდენციისა და გენერაციის წყაროების დეფიციტიდან გამომდინარე, დღის წესრიგში უფრო მაღალი სიმძლავრის (350-430 მგვტ) თბოელექტროსადგურის უახლოეს მომავალში მშენებლობისა და ექსპლუატაციაში გაშვების საკითხი დადგა.
