Accor Group-ი ბათუმში Novotel Living-ის და ibis Styles-ის ბრენდით სასტუმროებს გახსნის. როგორც სასტუმროების მმართველი კომპანიის Accor-ის ვებგვერდზეა მითითებული, ibis Styles Batumi მიმდინარე წლის თებერვალში გაიხსნება, ხოლო Novotel Living Batumi-ს გახსნა 2026 წელს არის დაგეგმილი. სასტუმროები „ეიერ-მერიდიანსის“ მრავალფუნქციური კომპლექსის White Sails-ის შემადგენელი იქნება.
ibis Styles Batumi აჭარაში Accor Group-ის პირველი სასტუმრო იქნება, ის სამ ვარსკვლავიანია და 121 ნომერს აერთიანებს. რაც შეეხება Novotel Living Batumi-ს, ის იბერიის ქუჩაზე ახალაშენებულ 13-სართულიან ორ კორპუსში განთავსდება. Novotel Living განახორციელებს „სტრატა სტატუსის“ კონცეფციას, როდესაც ოთახები საკუთრებაში და გაქირავებულია, ხოლო ინფრასტრუქტურას მართავს სასტუმროს ოპერატორი. Novotel Living Batumi გააერთიანებს 319 სხვადასხვა კატეგორიის აპარტამენტს.
აღსანიშნავია, რომ Novotel Living-ის და ibis Styles-ის ბრენდების შემოყვანა, „ეიერ-მერიდიანსმა“ ჯერ კიდევ 4 წლის წინ დაანონსა. 2020 წლის იანვარში „ეიერ-მერიდიანსში“ აცხადებდნენ, რომ მშენებლობა 2022 წელს დასრულდებოდა, პროექტის განხორციელებაში კი ინვესტორი მინიმუმ 30 მლნ დოლარის ინვესტირებას და 300 ადამიანის (80% საქართველოს მოქალაქეები) დასაქმებას გეგმავდა. ბათუმში, 29445 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი კომპანია „ეიერ-მერიდიანსმა“ 2,091 მლნ დოლარად, ჯერ კიდევ 2015 წლის მაისში შეიძინა.
საჯარო რეესტრის ბოლო მონაცემებით, შპს „ეიარ-მერიდიანსის“ ჯამში 71,2%-იან წილს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები – დიმიტრი საპგირი, პეტრე ალიოშინი, სერგეი ისააკიანი და რეფიყ კაიტამბა ფლობენ, 28,8%-ს კი შპს „ვალენტინი“, რომლის მფლობელები არიან: ლევან კალინინი, ზურაბ აბესაძე და ვასილ წერეთელი. კომპანიის საქმიანობის სფეროს უძრავი ქონების გაყიდვა წარმოადგენს.
სასტუმროების მმართველო კომპანია Accor -ი კი მსოფლიოში სტუმარმასპინძლობის ერთ-ერთი ცნობილი ჯგუფია, რომელიც გლობალურად 110 ქვეყანაში 5,400 სასტუმროს, 10,000 გასტრონომიულ ობიექტს, გამაჯანსაღებელ დაწესებულებასა და მოქნილი სამუშაო სივრცეებს ფლობს. საქართველოში კომპანიის მმართველობის ქვეშაა 7 სასტუმრო, მათ შორის, Tbilisi Philharmonic by Mercure Hotel, Pullman Tbilisi Axis Towers, ibis-ის სასტუმროებს, Mercure Tbilisi Old Town და Tbilisi Saburtalo Hotel by Mercure.
