ევროკავშირი „იმედისა“ და POSTV-სთვის სანქციების დაწესებას განიხილავს – იოზვიაკი

ევროკავშირი სამთავრობო პროპაგანდისტული მედიების, „იმედისა“ და POSTV-სთვის სანქციების დაწესებას განიხილავს.
ამის შესახებ ინფორმაციას „რადიო თავისუფლების” ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი ავრცელებს.
მისი ცნობით, ევროკავშირი განიხილავს, რომ „იმედის“ და POSTV-სთვის შეზღუდვების დაწესებას ს ჰიბრიდული საფრთხის გამო განიხილავს.
კერძოდ, 2024 წლის 8 ოქტომბერს ევროკავშირის საბჭომ მიიღო შემზღუდავი ზომების ჩარჩო რუსეთის დესტაბილიზაციის გამომწვევი ქმედებების საპასუხოდ.
სანქციების რეჟიმი მიმართულია იმ პირების მიმართ, რომლებიც მონაწილეობენ რუსეთის მთავრობის ქმედებებსა და პოლიტიკაში, რომლებიც ძირს უთხრის ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების ფუნდამენტურ ღირებულებებს, მათ უსაფრთხოებას, სტაბილურობას, დამოუკიდებლობასა და მთლიანობას. სანქციების რეჟიმი ასევე მიმართულია იმ პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მესამე ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წინააღმდეგ ჰიბრიდულ საქმიანობაზე.
2025 წლის მაისში ევროკავშირმა გააფართოვა შემზღუდავი ზომების ფარგლები, რათა უზრუნველყოს კონტროლი რუსეთის დესტაბილიზაციის გამომწვევ საქმიანობასთან დაკავშირებულ მატერიალურ აქტივებზე, ასეთი საქმიანობის ფინანსურ სპონსორებზე და დეზინფორმაციაში ჩართული რუსული მედია საშუალებების სამაუწყებლო ლიცენზიების შეჩერებაზე.
დღეს, 3 ოქტომბერს, ცნობილი გახდა, რომ საბჭომ გადაწყვიტა, საზღვარგარეთ რუსეთის მიერ დესტაბილიზაციის გამომწვევი ქმედებებისთვის პასუხისმგებელი პირების მიმართ ინდივიდუალური შემზღუდავი ზომები ერთი წლით, 2026 წლის 9 ოქტომბრამდე გაახანგრძლივოს, რუსეთის მიერ ჰიბრიდული საქმიანობის გაგრძელების გათვალისწინებით, მათ შორის ევროკავშირის, მისი წევრი სახელმწიფოებისა და პარტნიორების წინააღმდეგ უცხოური ინფორმაციული მანიპულირებისა და ჩარევის (FIMI) გამო.
რუსეთის მიერ დესტაბილიზაციის გამომწვევი საქმიანობის გამო, ამჟამად სანქციები 47 ფიზიკურ და 15 იურიდიულ პირზე ვრცელდება. სანქციები ითვალისწინებს მათთვის აქტივების გაყინვას, ევროკავშირის მოქალაქეებსა და კომპანიებს ეკრძალებათ მათთვის სახსრების, ფინანსური აქტივების ან ეკონომიკური რესურსების მიწოდება.