ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი არის მისი აღმატებულობა ქართველი ხალხი, შეიგნეთ ეს, გარეთ სირბილი არ გიშველით, – ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტების კითხვას, თუ ბევრი ადამიანი გამოვა ქუჩაში რისი განაცხადი იქნება.
როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, „ქართულ ოცნებას“ ძალიან მაღალი მხარდაჭერა აქვს.
„დღევანდელ მოცემულობაში „ქართულ ოცნებას“ ძალიან ბევრი მხარდამჭერი ჰყავს, თქვენ ხართ უმცირესობაში. თვლას ხომ არ დავიწყებთ რამდენი ადამიანი გამოვა. საპარლამენტო არჩევნების დროს თქვენ ქართველმა ხალხმა გითხრათ – არა. ქართველმა ხალხმა უთხრა – არა უსამშობლო აგენტურას, იმ დაჯგუფებას, რომლებიც მოძალადეები არიან, გარედან იმართებიან. ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი არის მისი აღმატებულობა ქართველი ხალხი, შეიგნეთ ეს, გარეთ სირბილი არ გიშველით. ამ ქვეყანას მართავს რიგითი მოქალაქეები და ისინი გადაწყვეტენ, ვინ იქნება ქვეყნის ხელისუფლებაში. ეს არის დემოკრატია. არის უმცირესობა და უმრავლესობა. თქვენ, თქვენდა სამწუხაროდ, უმცირესობაში ხართ. „ქართულ ოცნებას“ ძალიან მაღალი ლეგიტიმაცია, მაღალი მხარდაჭერა აქვს და მოგიწევთ ამას შეეგუოთ კიდევ ბევრი წლის განმავლობაში“,-განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან, მან უკომენტაროდ დატოვა მოძრაობა „რუსთაველის გამზირის” დამფუძნებლის პაატა ბურჭულაძის განცხადება, რომ 4 ოქტომბერს 20:00 საათამდე ხელისუფლება გადაბარებული იქნება.
„პაატა ბურჭულაძის განცხადებაზე რამდენად სერიოზულად უნდა ვისაუბრო არ ვიცი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ქვეყანაში გვექნება მშვიდობა და ქვეყანა გააგრძელებს მშვიდობიან ცხოვრებას და ეკონომიკურ განვითარებას”, – განაცხადა კალაძემ.
