ბესო ალავიძე მართლა მებრალება, ისეთ მდგომარეობამდე მივიდა. ეს თემა არჩევნების წინა დღეს გამოაგდეს. ბესოს იმედზე რომ იქნები, მე იმათი მიკვირს. მეცოდება უბრალოდ, რაღაცნაირად დაბეჩავებული მეჩვენება. უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ხარ, რაზე ლაპარაკობ, „თვითმკვლელობამდე მიმიყვანეს“, საქმეს არ მანიშვნინებდნენ“ – როგორ შეიძლება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს საქმეს ვინმე არ ანიშვნინებდეს, მაშინ, რა გინდა უზენაეს სასამართლოში? – ასე ეხმაურება „ინტერპრესნიუსთან“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი, ლევან მურუსიძე უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლის, ბესო ალავიძის მიერ სასამართლო ხელისუფლების მიმართ გაკეთებულ განცხადებას.
როგორც მურუსიძემ აღნიშნა, ვიდეო-ჩანაწერში, რასაც ალავიძე სასამართლოს შესახებ საუბრობს, „ყველაფერი არის აბსურდული“, ხოლო ჩანაწერი კი, სამი წლის შემდეგ იმიტომ გამოაქვეყნეს, თემა არჩევნებისთვის დაემთხვიათ.
„მაშინაც რაც ვთქვი, ის გამართლდა. ბესო ალავიძე, რომელიც ამბობდა, რომ იყო ვითომ ძალიან პრინციპული და ე.წ. კლანთან იყო დაპირისპირებული, გამოვიდა უზენაესი სასამართლოს კონკურსზე, უნდოდა, რომ კვლავ ყოფილიყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლე. რომ არ დაინიშნა, პოლიტიკური თავშესაფრის მოპოვება [მოისურვა]. ალავიძე ამბობდა, რომ „მე არავითარი თავშესაფარი არ მინდა“, მაგრამ სამი წლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ რეალურად ეს ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ უცხოეთში თავშესაფარი მიიღოს. ის გამოიყენეს სასამართლოს წინააღმდეგ ბინძური პიარისთვის და ეს დაამთხვიეს არჩევნებს, იფიქრეს, რომ ახლა არის ყველაზე მომგებიანი სიტუაცია იმისთვის, რომ სამი წლის წინანდელი ვიდეო გამოქვეყნდეს. მისი განცხადება არის აბსურდული, ის არაფერს ეფუძნება. აბსურდულ რაღაცებს ჰყვება, რომ თითქოს ოთახში ჩაკეტეს, ქალბატონებს რაღაცას აბრალებს, წარმოგიდგენიათ, უზენაესი სასამართლოს სამ მოსამართლეს ვიღაცამ თავისუფლება აღუკვეთოს და ოთახში ჩაკეტოს უზენაესი სასამართლოს შენობაში? ეს აბსურდული რამ არის“, – განაცხადა მურუსიძემ.
მისი განმარტებით, ბესარიონ ალავიძეს სამი წლის წინ პროკურატურაშიც აქვს მიცემული ჩვენება, რომ არცერთ განსახილველ საქმესთან დაკავშირებით მის მიმართ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია.
„თვითონ განაცხადა, რომ არავითარი ზეწოლა არ ყოფილა. განცხადებაც დაწერა სამმა მოსამართლემ, რომ „რუსთავის-2“-ის საქმესთან დაკავშირებით არავითარი ზეწოლა არ ყოფილა. ალავიძე საჯაროდ აცხადებდა, რომ მის მიმართ არცერთ საქმეზე არავითარი ზეწოლა არ ყოფილა, ეს პროკურატურაშიც კი განაცხადა. აქ ალავიძის მხრიდან რაიმე შურისძიებაზე არ არის საუბარი, რადგანაც ბესო ალავიძე არ არის ამხელა პიროვნება, მის გარშემო არ ტრიალებს დედამიწა. ახლა მას თავშესაფრის მოძებნა უნდა და ყველა ბინძურ თემაში გაერია. რომ ამბობს, ოპერაციის გაკეთება მინდოდაო, საქართველოში წარმოგიდგენიათ ვინმე ქირურგი, ვისთანაც შეგიძლია მიხვიდე და უთხრა, არაფერი არ მჭირს მაგრამ ერთი, ძმურად, ოპერაცია გამიკეთე, გამჭერიო? ნორმალურია? უზენაესი სასამართლოს მოსამართლეა ადამიანი და ასეთი რაღაც თავში როგორ უნდა მოსდიოდეს?“ – განაცხადა მურუსიძემ.
მურუსიძე ასევე აბურდულს უწოდებს ალავიძის განცხადების იმ ნაწილს, რომლის თანახმად, ის მოსამართლეებმა: ლევან მურუსიძემ, მიხეილ ჩინჩალაძემ, ვალერიან ცერცვაძემ, ვასილ როინიშვილმა კაფეში დაიბარეს და „ტვინის გასხმევინებით” დაემუქრნენ.
„უზენაესი სასამართლოს მოსამართლე რომ ამბობს, იძულებით წამიყვანეს კაფეშიო, იძულებით რა, მანქანის საბარგულში ჩავტენეთ? ბესო ალავიძეს ბევრჯერ შევხვედრივარ, რადგან კოლეგები ვიყავით მაგრამ, ახლა მგონი, 12 წელია საერთოდ არ მინახავს.
რამდენიმე თვით გავუგრძელეთ ვადა, როცა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10 წლიანი ვადა ამოეწურა. ის კონკურსზე გამოვიდა. სამართლებრივ შეკითხვებს ვერ პასუხობდა და მერე საბჭომ ჩათვალა, რომ აღარ უნდა ყოფილიყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლე. თუ ის ასე ფიქრობდა ჩვენზე, რომ კრიმინალები ვართ, სისხლისმსმელები ვიყავით, თვითმკვლელობამდე მივიყვანეთ, ან კონკურსზე რატომ გამოვიდა ან მანამდე ხმა რატომ არ ამოიღო?
როცა უზენაესში არ გადანიშნეს მერე დაიწყო საელჩოებში სიარული, ხვდებოდა ვიღაცებს, მერე ჩაწერეს ინტერვიუ კახა წიქარიშვილთან, არასამთავრობოებთან, იმ არასამთავრობოებთან, რომლებიც დასდევდნენ უდიპლომოების გამო“, – განაცხადა მურუსიძემ.
შეგახსენებთ, იურისტი კახა წიქარიშვილი ასაჯაროებს უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლის, ბესარიონ ალავიძის ინტერვიუს, სადაც ალავიძე საუბრობს იმაზე, რომ სასამართლო სისტემაში არსებული „კლანისა“ და ხელისუფლების მხრიდან განიცდიდა ზეწოლას კონკრეტულ საქმეებზე მათთვის სასურველი განაჩენების გამოტანის მიზნით. უზენაესი სასამართლო ყოფილი მოსამართლე ჩანაწერში, მათ შორის ასახელებს შემდეგ საქმეებს: ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ქიბარ ხალვაშისათვის მიკუთვნება, რუსთავის მეტალურგიული ქარხნის დავა ჯოზეფ ქეისა და პატარკაციშვილების ოჯახს შორის, ეროსი კიწმარიშვილის ოჯახის დავა „მაესტროს“ წილებზე და ა.შ ის საუბრობს მუქარაზე, ქრთამის შეთავაზებაზე, ასახელებს კონკრეტულ სახელებსა და გვარებსაც. მოსამართლე ჩანაწერში საუბრობს იმაზე, რომ სუიციდზეც ფიქრობდა.
„ბევრჯერ მიფიქრია, უზენაესი სასამართლოს გარე ფასადზე ავალ და მოსამართლის მანტიით ჩამოვიკიდებ თავს-მეთქი, ასე საჯაროდ. დაინახონ ადამიანებმა, რომ მოსამართლემ თავი მოიკლა და ამით ყველა მიხვდება სასამართლოში რა სიტუაციაა – ისეთი ზეწოლისა და სტრესის ქვეშ ვიყავი“, – განაცხადა ალავიძემ.




