უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch ახალ ანგარიშში წერს, რომ საქართველოში 2023 წელს ადამიანის უფლებების მდგომარეობა “არათანაბარი იყო”.
ანგარიშში ნათქვამია, რომ ხელისუფლება ცდილობდა მიეღო კანონმდებლობა “უცხოური აგენტების” შესახებ, რომელიც “რაც ძირს გამოუთხრიდა გამოხატვის თავისუფლებას”.
“კვლავ შენარჩუნდა ანგარიშვალდებულების ნაკლებობა სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაზე, განსაკუთრებით, როცა საქმე ეხებოდა შეკრების თავისუფლებას. ადამიანის უფლებათა კუთხით სხვა საკითხები მოიცავს შეზღუდვებსა და თავდასხმებს მედიის თავისუფლებაზე, ისევე, როგორც შრომით უფლებებს. ადამიანის უფლებათა ეროვნულმა სტრატეგიამ ვერ მოიცვა ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი (ლგბტ) ადამიანების უფლებები”, – ნათქვამია დოკუმენტში.
ორგანიზაცია წერს, რომ სპეცრაზმმა გამოიყენა წყლის ჭავლი და დიდი რაოდენობით ცრემლსადენი გაზი ათასობით მშვიდობიანი დემონსტრანტის დასაშლელად, რომლებიც “აგენტების კანონს” აპროტესტებდნენ და რომ სახალხო დამცველის აპარატმა განაცხადა, რომ ეს ზომები იყო არაპროპორციული და არასაჭირო. ასევე აღნიშნულია, რომ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, რომელიც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებს იძიებს, საპროტესტო აქციების დროს პოლიციის ქმედებებზე გამოძიება დაიწყო მას შემდეგ, რაც მიიღო 124 საჩივარი ძალადობის შესახებ.
აღნიშნულია, რომ ნოემბერში ევროკომისიამ რეკომენდაცია გაუწია საქართველოსთვის კანდიდატი სტატუსის მინიჭებას “გააზრებით”, რომ ხელისუფლება განახორციელებს შემდგომ რეფორმებს.
ორგანიზაცია წერს “მთავარი არხის” დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას შეწყალების შესახებ პრეზიდენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზეც.
ანგარიშში მოხვდა “თბილისი პრაიდის” ფესტივალიც, რომელიც ძალადობრივი ჯგუფების დარბევის გამო გაუქმდა – “ხელისუფლებამ გამოძიება დაიწყო, მაგრამ თავდასხმასთან დაკავშირებით არავინ დააკავა”.