ლევან ბეჟაშვილი – 4 ოქტომბერს გადავდოთ პულტი, გამოვრთოთ ტელევიზორი, ტელეფონი, სოციალური ქსელები, წავიდეთ რუსთაველზე და დავწეროთ უახლოესი ისტორია – ვაფრთხილებთ ხელისუფლებას, არ გაბედონ ძალადობა – რა პასუხი აქვს ხალხს, გვინახავს

4 ოქტომბერს ხალხის რაოდენობიდან და მუხტიდან გამომდინარე ორგანიზატორები შემოგვთავაზებენ დღის წესრიგს და ადგილზე გადაწყდება ყველაფერი , – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა 4 ოქტომბერს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ“ სტუდიაში აღნიშნა, აქციის ორგანიზატორი მოძრაობა „რუსთაველის გამზირია“ და არა „ნაციონალური მოძრაობა“, თუმცა პარტია მხარს უჭერს ნებისმიერ საპროტესტო მოძრაობას.
ბეჟაშვილის თქმით, 4 ოქტომბერი არა პროტესტის დასაწყისი, არამედ უკვე მიმდინარე პროცესის გაგრძელებაა.
„უნდა დავაზუსტოთ, რომ 4 ოქტომბრის აქცია არ არის „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაანონსებული აქცია. ყველამ კარგად იცის, რომ მოძრაობა „რუსთაველის გამზირი“, პაატა ბურჭულაძე, და თანამოაზრეები აორგანიზებენ ამ აქციას. „ქართული ოცნება“ მუდმივად ცდილობს, აქცია წარმოაჩინოს „ნაციონალური მოძრაობის“ აქციად, ეს არის მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ მიერ დაორგანიზებული აქცია და პარტია მხარს უჭერს ნებისმიერ საპროტესტო მოძრაობას. „ნაციონალური მოძრაობას“ მკვეთრი პოზიცია აქვს იმასთან დაკავშირებით, რომ სადაც ქართველი ხალხი იქნება, იქ ინება პარტიაც. ეს ასე იქნება 4 ოქტომბერსაც, ამიტომ ჩვენ მხარდამჭერებსაც და აქტივისტებსაც მოვუწოდებთ, 4 ოქტომბერს ყველა ერთად და ქართველ ხალხთან ერთად შევიკრიბოთ.
საუბარი ხოლმე იმასთან დაკავშირებით, რომ 4 ოქტომბერს დაიწყება და 4-ში დასრულდება და ა.შ თავიდანვე უნდა განისაზღვროს, რომ 4 ოქტომბერს არაფერი იწყება. 300 დღეზე მეტია უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს. ასეთი უწყვეტი პროტესტის ჯაჭვი საქართველოს ისტორიას არ ახსოვს. 4 ოქტომბერს კიდევ უფრო მეტი სიმძიმე უნდა შევძინოთ საპროტესტო აქციებს და ვფიქრობთ, რომ უნდა გავიმარჯვოთ. ეს უნდა იყოს გამარჯვების დღე. ქართველ ხალხს საზეიმოდ უნდა დავუძახოთ“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.
ლევან ბეჟაშვილმა, 4 ოქტომბერს დაგეგმილ აქციაზე მოქალაქეებს აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდა.
„უნდა გადავდოთ ტელევიზორის პულტი, გამოვრთოთ ტელევიზორი, ტელეფონი, სოციალური ქსელები, წავიდეთ რუსთაველის გამზირზე და დავწეროთ საქართველოს უახლოესი ისტორია. თითოეული ადამიანის მოსვლა, მოქმედება, თუ საჭირო გახდა პირადი თავგანწირვაც კი…“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.
კითხვაზე, რა მოხდება ეროვნული კრების ფარგლებში, ვინ იქნებიან მინისტრთა კაბინეტის წევრები და მიიღებს თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ კრებაში მონაწილეობას, ბეჟაშვილი პასუხობს, რომ 4 ოქტომბრის ეროვნული კრების დღის წესრიგი და ფორმატი ადგილზე გადაწყდება, რაც რუსთაველზე გამოსული ხალხის რაოდენობაზე იქნება დამოკიდებული.
მისივე თქმით, ხელისუფლება ცდილობს საზოგადოებაში ნიჰილიზმი დათესოს, თუმცა 4 ოქტომბერს უკვე განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა და მასზე ყველა საუბრობს.
„არ ვიცი. არ ვიცი, რა მინისტრთა კაბინეტზე საუბრობთ. არ ვიცი ამ თანამდებობების განაწილებას რა აზრი და მნიშვნელობა აქვს. არ ვართ ამ პროცესების აქტიური ორგანიზატორები. პროცესს ჰყავს თავისი ორგანიზატორი. ჩვენ, როგორც რიგითი მოქალაქეები, ისე მივიღებთ პროცესში მონაწილეობას. მნიშვნელოვანია ასი ათასობით ადამიანი მოვიდეს. საერთო სახალხო პროტესტის დროს ხალხის მოსვლას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
გეგმებთან დაკავშირებით „ქართული ოცნება“ მუდმივად ცდილობს ნიჰილიზმი შემოიტანოს. გეგმა არ არის ის, რომ 3 თვის წინ 4 ოქტომბერს არავინ აპირებდა საპროტესტო მუხტის აწევს. პაატა ბურჭულაძის, ლევან ხაბეიშვილის მოქმედებით ეს გეგმა განხორციელდა და 4-მა ოქტომბერმა საერთო ეროვნული დღის მნიშვნელობა შეიძინა? გეგმა არ არის ის,რომ ლევან ხაბეიშვილმა თავის თანამოაზრეებთან ერთად შეძლო და საზოგადოებას აჩვენა „ქართული ოცნების“ რღვევის პროცესი? გეგმა არ არის ის, რომ 4 ოქტომბერი უკვე შედგა და მასზე ყველა საუბრობს? ხალხის რაოდენობიდან და მუხტიდან გამომდინარე ორგანიზატორები შემოგვთავაზებენ დღის წესრიგს და ადგილზე გადაწყდება ყველაფერი“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.
პაატა ბურჭულაძის ის განცხადება შეაფასა, სადაც აცხადებს, რომ „თუ ჭკუა შესწევთ ორგანიზატორები არ უნდა დაიჭირონ, აქცია უნდა იყოს მართავდი, თორემ ვნახეთ უმართავი ხალხი ნეპალში“.
ბეჟაშვილის თქმით, ნათელია, რომ საუბარი იმაზეა, ხელისუფლებამ არ უნდა შეუშალოს ორგანიზატორებს აქციის წარმართვის უფლება.
მისივე თქმით, ორგანიზატორების დაკავება ხელისუფლების მხრიდან ძალადობისკენ სვლის ნიშანი იქნება.
„მგონი, ორაზროვნად არ იკითხება, ხომ? ამ განცხადებაში საუბარია იმაზე, რომ ორგანიზატორების დაჭერა არ უნდა მოხდეს, მათ საშუალება უნდა მიეცეთ იმისა, რომ აქცია წარმართონ. ბუნებრივია, თუ ორგანიზატორს დაიჭერ, 100 ათასობით ადამიანზე ძალას გამოიყენებ, ამ შემთხვევაში გამდის, რომ ხელისუფლება იწევს ძალადობას, ამ ძალადობაზე რა პასუხი აქვს ხალხს, გვინახავს. სამწუხარო იქნება თუ ამ ნაბიჯს გადადგამენ. პოლიციას და ხელისუფლების წარმომადგენლებს ვაფრთხილებთ, რომ არ გაბედონ ხალხზე ძალადობა. ის ძალადობა, რომელიც მათ გაუვიდათ წინა აქციების დროს, ახლა ვეღარ გაუვათ, რადგან ხალხის მოთმინების ფიალა გადასუია, ხალხზე კი არ უნდა იძალადო – უნდა მოუსმინო“,- განაცხადა ბეჟაშვილმა.