მედიის ადვოკატირების კოალიცია ეხმაურება თბილისის საქალაქო სასამართლოში მედიის წარმომადგენლებზე ძალადობის ფაქტებს. საუბარია გუშინ, 1-ელ ოქტომბერს, “კოალიცია ცვლილებებისთვის” წევრის, გელა ხასაიას სხდომის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე, როცა მანდატურები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ მოქალაქეებს, მათ შორის ჟურნალისტებს.
“1-ელ ოქტომბერს, ონლაინ გამოცემა “პუბლიკას” ჟურნალისტმა მინდია გაბაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურის სამსახურის უფროსი დავით მატიაშვილი პროცესის დაწყებამდე, მას პირდაპირ დაემუქრა და ფიზიკური ანგარიშსწორება სცადა, არაერთხელ.
იმავე დღეს, ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტ ნატალი ჯახუტაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურის თანამშრომელმა მობილური ტელეფონი წაართვა და დაზიანებულ მდგომარეობაში დაუბრუნა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მედიის წარმომადგენლებს თბილისის სასამართლოს შენობაში ძალადობრივად ესხმიან თავს. „ქართული ოცნების“ სასამართლო, ისევე, როგორც მთელი სახელმწიფო სისტემა, უსამართლობისა და ძალადობის სიმბოლოდ ჩამოყალიბდა”, – წერია კოალიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კოალიცია ყურადღებას ამახვილებს ჟურნალისტებზე ძალადობისა და რეპრესიების მზარდ სტატისტიკაზე. მათ შორის, ბათუმელები/ნეტგაზეთის თანადამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის სისხლისსამართლებრივ დევნაზე.
“ქვეყანაში მედიაგარემო უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია. სინდისის პატიმარი მზია ამაღლობელი პოლიტიკურად მოტივირებული დევნის მსხვერპლია. ბოლო ერთი წლის განმავლობაში 400-ზე მეტი ინციდენტი დაფიქსირდა დამოუკიდებელი ჟურნალისტების წინააღმდეგ. ამ ძალადობის უკან დგას “ქართული ოცნება” და მასთან დაკავშირებული პირები. შესაბამისად, ამ ინციდენტების მიმართ ხელისუფლების პასუხი არის სრული დაუსჯელობა.
მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოხატავს სრულ სოლიდარობას დამოუკიდებელ ჟურნალისტებსა და მედია ორგანიზაციების მიმართ, რომლებსაც ამ რთულ ვითარებაში პროფესიული მოვალეობის შესრულება უწევთ. საზოგადოების მხარდაჭერა და სოლიდარობა, საერთაშორისო ყურადღება გადამწყვეტია თავისუფალი მედიისა და დემოკრატიული სახელმწიფოს გადასარჩენად”, – აცხადებენ მედიის ადვოკატირების კოალიციაში.
ამავე თემაზე:
· 28 ნოემბრიდან დღემდე, პროტესტის გაშუქებისას მედიის 181 წარმომადგენელი დაზარალდა – CMIS




