დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო განმარტებას ავრცელებს საქართველოს მონაწილეობის შესახებ კოპენჰაგენში მიმდინარე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) შეხვედრაში.
უწყების ინფორმაციით, EPC-ის ფორმატი “არ ცვლის ევროკავშირის არსებულ პოზიციებსა და პოლიტიკას საქართველოსთან დაკავშირებით”.
“ევროპული პოლიტიკური გაერთიანება (EPC) არ წარმოადგენს ევროკავშირის ფორმატის შეხვედრას. EPC-ის ფორმატი არ ცვლის ევროკავშირის არსებულ პოზიციებსა და პოლიტიკას საქართველოსთან დაკავშირებით. ევროკავშირმა და დანიამ არაერთხელ გამოთქვეს შეშფოთება საქართველოში არსებული ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესების და ზოგადი დემოკრატიული უკუსვლის გამო.
დანია ინარჩუნებს EPC-ის მონაწილეობის იმ ფორმატს, რომელიც დადგენილია EPC-ის წინა ექვსი მასპინძელი ქვეყნის მიერ, მათ შორის, ბოლო შეხვედრის, რომელიც ალბანეთში 2025 წლის მაისში შედგა. შესაბამისად, საქართველოს მოწვევა კოპენჰაგენში დაგეგმილ EPC-ის შეხვედრაზე მხოლოდ აღნიშნული ფორმატის გათვალისწინებით მოხდა”, – აცხადებს დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
2 ოქტომბერს დანიის დედაქალაქში იმართება ევროპის პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მეშვიდე შეხვედრა. თანამეგობრობის ლიდერები ყურადღებას გაამახვილებენ ევროპის უსაფრთხოებაზე და არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში ევროპისა და უკრაინის გაძლიერებაზე.
ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის მეშვიდე შეხვედრაზე მიწვეული არიან ევროკავშირის 27 ქვეყნისა და კიდევ 20-ზე მეტი ქვეყნისა და მთავრობის ლიდერები. ამ ქვეყნებს შორისაა უკრაინა, გაერთიანებული სამეფო, თურქეთი, ალბანეთი, ანდორა, საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, ფარერის კუნძულები, გრენლანდია, ისლანდია, კოსოვო, ლიხტენშტაინი, მოლდოვა, მონაკო, ჩერნოგორია, ჩრდილოეთი მაკედონია, ნორვეგია, სან-მარინო, სერბეთი, შვეიცარია.
EPC-ს შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად დანიაში ჩავიდა „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ეკონომიკური უსაფრთხოების შესახებ დისკუსიაში.
დღეს, 2 ოქტომბერს, კოპენჰაგენში მედიასთან კომენტარში “ქართული ოცნების” მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების ფორმატი არის “ძალიან მნიშვნელოვანი ფორმატი”, რომელშიც “ევროპელ ლიდერებთან საუბრის საშუალებაა”.
“გუშინაც ვახშამზე გვქონდა საშუალება, რომ არაერთ ლიდერს გავსაუბრებოდით. ყველგან ვსაუბრობთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებზე, ვსაუბრობთ ჩვენს ხედვებზე, როგორ უნდა წავიწიოთ წინ ევროინტეგრაციის მიმართულებით, რაც არის ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი”, – თქვა ირაკლი კობახიძემ.
1 ოქტომბერს ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტის მონაწილეებს უმასპინძლეს დანიის მეფე ფრედერიკ X-მ და დედოფალმა მერიმ.
კობახიძის თანახმად, გუშინ იდეები აქტიურად გაცვალა ევროპელ ლიდერებთან და დღესაც აქტიურად გამოიყენებს ამ შესაძლებლობას “ეროვნულ ინტერესებზე” სასაუბროდ.
ის დღეს მონაწილეობას მიიღებს პანელურ დისკუსიაში, რომელიც ეკონომიკურ უსაფრთხოებას შეეხება.
“თემა არის ეკონომიკა, ეროვნული ეკონომიკური ინტერესები, დაკავშირებადობის კუთხით და საქართველოს აქვს ამ კუთხით ძალიან სერიოზული პოტენციალი, სერიოზული სატრანზიტო პოტენციალი”, რაზეც, კობახიძის თქმით, გაამახვილებს კიდეც ყურადღებას.
ეკონომიკური უსაფრთხოები გარდა, EPC-ს პლენარული სხდომის შემდეგ გაიმართება რამდენიმე დისკუსია ევროპის უსაფრთხოების საკითხებზე, მათ შორის ტრადიციულ და ჰიბრიდულ საფრთხეებსა და მიგრაციაზე.
EPC-ზე ევროკავშირს წარმოადგენს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა, რომელიც დანიის პრემიერ-მინისტრ მეტტე ფრედერიკსენთან ერთად გაუძღვება სამიტს.
ფორუმი
