ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) დღეს საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება.
ორგანიზაციის ვებ-გვერდის ინფორმაციით, მონიტორინგის თანამომხსენებლები ედიტე ესტრელა და საბინა ჩუდიჩი ასამბლეას წარუდგენენ რეზოლუციას „დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლა სერიოზულ საფრთხეს უქმნის ევროპულ სტანდარტებს. რეზოლუციის პროექტი აკრიტიკებს ხელისუფლების იზოლაციურ პოლიტიკას, ოპოზიციის, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების დევნას, ასევე „უცხოური გავლენის“ კანონებს.
ასამბლეა შეშფოთებას გამოთქვამს მოსალოდნელ ადგილობრივ არჩევნებზე არასათანადო გარემოსა და საერთაშორისო დამკვირვებლების არყოფნის გამო. ასევე მკაცრად გმობს ოპოზიციური პარტიების აკრძალვის იდეას და მას „ერთპარტიული დიქტატურის საფრთხედ“ მიიჩნევს.
PACE საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს შეწყვიტოს დემოკრატიული ინსტიტუტების დასუსტება და აცხადებს მზადყოფნას დიალოგისთვის.
