ირაკლი კუპრაძე – ჩვენი მიზანია, არ ვუპასუხოთ უსაფუძვლო ბრალდებებს – სამწუხაროა, რომ სალომე ზურაბიშვილი ამ გზავნილით გამოდის 4 ოქტომბრამდე რამდენიმე დღით ადრე, მაშინ, როცა მსგავსი არასდროს უთქვამს

სამწუხაროა, რომ ქალბატონი ამ გზავნილით გამოდის 4 ოქტომბრამდე რამდენიმე დღით ადრე მაშინ, როცა მსგავსი არასდროს არ უთქვამს არც საჯაროდ, არც სხვა მხრივ , – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველო – ლელოსა” და პარტიის “გახარია საქართველოსთვის” თბილისის მერობის ერთიანმა კანდიდატმა, ირაკლი კუპრაძემ “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” მეხუთე პრეზიდენტის განცხადების საპასუხოდ განაცხადა, სადაც სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ პოლიტიკურ პარტიებს ურჩია, ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა არ მიეღოთ და ისინი კი, ვინც მონაწილეობს ამ არჩევნებში, მთავრობის მხრიდან ზეწოლის ფონზე იღებს.
როგორც კუპრაძემ აღნიშნა, უსაფუძვლო ბრალდებებს მისი გუნდი არ პასუხობს, რადგან არ სურთ, რომ ოპოზიციის ოპოზიცია გახდნენ.
კუპრაძის თქმით, ერთადერთი, ვისაც უპირისპირდება კოალიცია “ლელო ძლიერი საქართველო”, ეს და “ქართული ოცნებაა”.
“ჩვენი მიზანი არის ის, რომ არ ვუპასუხოთ ხოლმე უსაფუძვლო ბრალდებებს. ყველაფერს პასუხს გავცემთ 5 ოქტომბრიდან, როდესაც ბევრი რამ გახდება ცხადი, მათ შორის, ცხადი გახდება ცვლილებების შესაძლებლობა, მშვიდობიანი რევოლუცია, და, მათ შორის, შანსი, რომელსაც ჩვენ ვაძლევთ ყველა პროცესს ივანიშვილის წინააღმდეგ.
ჩვენი პოზიცია ყოველთვის ასეთი იყო, რომ ბრალდებებს არ ვპასუხობთ და ამას ვაკეთებთ ერთადერთი მიზეზით – ხვალ და ზეგ აუცილებელი იქნება ისევ ერთმანეთთან საუბარი.
არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ააჟღერებს რაიმე ტიპის უსაფუძვლო ბრალდებას, მთავარი არის ის, რა არის ჩვენი პოზიცია და როგორ ვპასუხობთ ამ ყველაფერს. ცალსახაა ის, რომ ამ დროის განმავლობაში ბევრი ურთიერთდაპირისპირების მცდელობა იყო და ეს ურთიერთდაპირისპირება დარჩა ცალმხრივ დაპირისპირებად. არცერთი ბრალდებისთვის ჩვენ, რომელიც ოპოზიციურ ველზე ისმოდა, არ გვიპასუხია, მოდიოდა ეს სალომე ზურაბიშვილისგან თუ სხვა პოლიტიკური ლიდერებისგან, რომელთან ერთადაც მრავალწლიანი ბრძოლის გამოცდილება გვაქვს. ერთადერთი, ვისაც ვპასუხობთ და ვპასუხობთ რადიკალურად, წინააღმდეგობრივად, ვადანაშაულებთ კორუფციაში, ძალადობაში, რუსული ინტერესების გატარებაში და ა.შ. ეს არის ბიძინა ივანიშვილი და მისი გუნდი. ჩვენ ოპოზიციის ოპოზიცია არ გავხდებით და ვინც არის ჩვენი ოპონენტი – ბიძინა ივანიშვილი, სწორება გვაქვს მასზე”, – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.
წამყვანის კითხვაზე, რატომ არ დაუჯერა კოალიცია “ძლიერმა საქართველომ” არჩევნებში მონაწილეობის არმიღებასთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილს, რადგან მას გუნდში ისეთი ნდობა ჰქონდა, მზად იყვნენ, მერობის საერთო კანდიდატად დაესახელებინათ, კუპრაძემ უპასუხა, რომ თავად სალომე ზურაბიშვილიც მზად იყო ამისთვის, თუმცა სხვა განმარტება საკითხზე აღარ გაუკეთებია.