ფოტო – ტვ პირველი
გურიაში სამ საბავშვო ბაღზე 23 მილიონი გამოიყო, თანხა მთლიანად ათვისებულია, თუმცა ოზურგეთის სოფელ მერიაში დაპირებული ბაღის შენობის ნაცვლად, რომელიც ზარქუას სიძის, ალექსანდრე ამისულაშვილის, კომპანიას “ლაგი კაპიტალს” უნდა აეშენებინა, ტვ პირველის ცნობით, დიდი ჭაობია.
საბავშვო ბაღის მშენებლობის მიმდებარე ტერიტორიაზე სოფლის საჯარო სკოლაა, თუმცა სამშენებლო ტერიტორია შემოსაზღვრული არ არის და არც უსაფრთხოების ნორმებია დაცული.
ბავშვები, რომლებიც წესით ახალ ბაღში უნდა სწავლობდნენ, ადმინისტრაციული ორგანოს შენობაში ჰყავთ გადაყვანილი, რომელიც ამავდროულად ავარიულია.
საბავშვო ბაღის თანამშრომლების თქმით, მათ დაპირდნენ, რომ ახალ შენობას ააშენებდნენ და ელოდებიან, როდის შესრულდება ეს პირობა.
ცნობისთვის, კომპანიას, რომელიც წარსულში „ქართული ოცნების“ დეპუტატ ირაკლი ზარქუას სიძეს, ალექსანდრე ამისულაშვილს ეკუთვნოდა, სკოლებისა და ბაღების რეაბილიტაციაზე ტენდერები ერთი მეორის მიყოლებით ჰქონდა მოგებული.
შეგახსენებთ, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებით 2 პირი – ალექსანდრე ბერძენიშვილი და ბესიკ ბერძენიშვილი დააკავა.
უწყების ცნობით, დაკავებულებმა, 2023 წელს „ლაგი კაპიტალის“ მეშვეობით გაიმარჯვეს 11 ტენდერში, რომელიც 30 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციას ითვალისწინებდა, დღეის მდგომარეობით კი არცერთ ობიექტზე სამშენებლო სამუშაოები არ დასრულებულა.
