პატიმრობაში მყოფმა ოპოზიციის ლიდერებმა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ივეტ კუპერს მიმართეს და ირანის გავლენის „უპრეცედენტო გაფართოების“ გამო „ქართული ოცნების“ მთავრობისა და მისი მოკავშირეებისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდეს.
ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Guardian ავრცელებს. მისი ცნობით, ციხეში მყოფმა ოპოზიციის ლიდერებმა ივეტ კუპერს, წერილი მისწერეს და გააფრთხილეს, რომ მმართველ პარტია „ქართული ოცნებას“ ირანთან მზარდი კავშირები აქვს.
The Guardian-ის თანახმად, ოპოზიციის ლიდერები მოუწოდებენ კუპერს, სანქციები დააწესოს იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც, სავარაუდოდ, ირანთან კავშირებს ამყარებენ და „პროპაგანდისტული მედიის მფლობელების“ წინააღმდეგ.
„ჩვენ… პატივისცემით მოგიწოდებთ, განიხილოთ ამ პირების, მათი ორგანიზაციებისა და მათი ოჯახების მიმართ სანქციები, რათა მათ ვეღარ შეძლონ დიდი ბრიტანეთის დემოკრატიული საზოგადოებით სარგებლობა და ამავდროულად მისთვის ძირის გამოთხრა“, – წერენ კუპერისადმი მიწერილ წერილში დაპატიმრებული პოლიტიკოსები.
წერილში ციხეში მყოფი პოლიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ისინი „რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა „ქართული ოცნების“ რეჟიმმა“ დააპატიმრა და რომ მმართველი პარტია ასევე ამყარებს კავშირებს თეირანთან. ამის დასტურად მოჰყავთ „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ხვთისიაშვილის მიერ ირანის საელჩოში „სოლიდარობის გამოხატვა“ აშშ-ს მიერ ბირთვულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმების შემდეგ.
The Guardian-ის ცნობით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წერილში ასევე ნახსენებია პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტი თეირანში, სადაც ის ჰამასის და ჰეზბოლას ლიდერებთან ერთად იდგა „სიკვდილი ამერიკას“ ძახილის ფონზე.
„ბოლო წლებში „ქართულმა ოცნებამ“ და მისმა მფარველმა, ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა, გააძლიერა კონტროლი ყველა სახელმწიფო ინსტიტუტზე, მიაღწია სახელმწიფოს სრულ მიტაცებას და სტაბილურად ანგრევს დემოკრატიულ კონსტიტუციურ წესრიგს…
ამჟამად, საქართველოს ერთ სულ მოსახლეზე მეტი პოლიტიკური პატიმარი ჰყავს (60-ზე მეტი), ვიდრე რუსეთს; ბოლოდროინდელ საპროტესტო აქციებში მონაწილე 500-ზე მეტი მშვიდობიანი მომიტინგე სასტიკად სცემეს, ბევრს სახის მოტეხილობები აქვს; სამოქალაქო საზოგადოებას დრაკონული კანონებით ესხმიან თავს, რაც რუსული მეთოდების იმიტაციას ახდენს და მის სრულ განადგურებას ისახავს მიზნად. ეს არის ფრონტალური თავდასხმა… არანაკლებ საგანგაშოა ირანის გავლენის უპრეცედენტო გაფართოება…
დიდმა ბრიტანეთმა უკვე აჩვენა ლიდერობა „ქართული ოცნების“ რეპრესიული აპარატის წევრებისთვის სანქციების დაწესებით – ზომებით, რომლებმაც რეალური გავლენა მოახდინეს და ჩვენი ხალხის მიერ დიდად დაფასდა…
თუმცა, ჩვენ შეშფოთებულები ვართ, რომ „ქართული ოცნების“ მთავარი ხელშემწყობი პირების – მათ შორის ბიზნესპარტნიორები, ბატონი ივანიშვილის ოჯახის წევრები და პროპაგანდისტული საშუალებების მფლობელები, რომლებიც, სანდო ინფორმაციით, ავრცელებენ რუსულად დაწერილ დეზინფორმაციას, თუნდაც დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ – კვლავაც სარგებლობენ დიდი ბრიტანეთის ფინანსური სისტემებით, ზოგიერთი კომპანია, როგორც ამბობენ, ლონდონშია დაფუძნებული“, – წერენ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრისადმი მიწერილ წერილში დაპატიმრებული პოლიტიკოსები.
