ტელეკომპანია „იმედს“, რომელიც კრიტიკის გარეშე აშუქებს ხელისუფლებაში მყოფი „ქართული ოცნების“ საქმიანობას, ამავე პარტიის დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი აფინანსებს. კვლევას, რომელშიც ამ საკითხზეა საუბარი, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ აქვეყნებს.
ორგანიზაცია დაეყრდნო საჯაროდ გამოქვეყნებულ ფინანსურ ანგარიშს.
კვლევის მიხედვით:
· „ბიძინა ივანიშვილი „იმედს“ მინიმუმ 2018 წლიდან აფინანსებს“;
· 2022 წლის ბოლოს „იმედს“ ივანიშვილის კომპანიებთან 61 მლნ ლარის ოდენობის დავალიანება ჰქონდა;
· ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიების დავალიანების მოცულობა 165 მლნ ლარს აღწევს, რაც „იმედის“ დაფინანსების თითქმის ნახევარია;
· „იმედის“ დაფინანსების გზაა „შეღავათიანი სესხის“ მიცემა, „2023 წელს ტელეკომპანიას 331 მლნ ლარის სესხი ჰქონდა აღებული. სესხის 2 მთავარი გამცემი ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი რუხაძე არიან (დაკავშირებული კომპანიების საშუალებით)“.
· „იმედი“ ზარალზე მომუშავე კომპანიაა – „2023 წლის ბოლოს, მას 388 მლნ ლარის ზარალი ჰქონდა დაგროვილი“.
ტელეკომპანია „იმედი“ ეკუთვნით ირაკლი რუხაძეს, ბენჯამინ ალბერტ მარსონსა და იგორ ალექსეევს. მათ შორის ირაკლი რუხაძე არის არხის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. ის მმართველი პარტიის ღია მხარდამჭერია.
რადიო თავისუფლება დაუკავშირდა ტელეკომპანია „იმედის“ ერთ-ერთ მფლობელს – პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.
ფორუმი
