შალვა პაპუაშვილი – ვერავინ გაექცევა პოლიტიკურ პასუხისმგებლობას და საჯარო მხილებას, თუ ძალადობის ერთი ფაქტიც მაინც იქნება – ყველა იმ უცხოელზე, რომელიც მოძალადეებს სოლიდარობას უცხადებს, ძალიან ხმამაღალი საუბარი გვექნება!

მნიშვნელოვანია, მათ შორის პარლამენტის ბიუროს ფარგლებში დავაფიქსირო, რომ ვერავინ გაექცევა პოლიტიკურ პასუხისმგებლობას და საჯარო მხილებას, თუკი ძალადობის ერთი ფაქტიც მაინც იქნება – ყველა იმ უცხოელზე, რომელიც მოძალადეებს სოლიდარობას უცხადებს, რა თქმა უნდა, ძალიან ხმამაღალი საუბარი გვექნება! ჩვენ დიდი ხანი ვითმენდით, რომ თავზე ხელს უსვამდნენ მოძალადეებს! – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
პაპუაშვილის შეფასებით, „გარედან წაქეზებული რამდენიმე ჯგუფი ცდილობს გააუქმოს დემოკრატია საქართველოში და საქართველოს მოქალაქეებს საარჩევნო უფლების გამოყენების საშუალება არ მისცეს“.
„პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ დადო დასკვნა და პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია იმის თაობაზე, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ 2012 წლამდე კრიმინალური სახელმწიფო მოწყობა ჰქონდა და შემდეგ უკვე ოპოზიციაში ყოფნის დროს, საქართველოსთვის ძირგამომთხრელ საქმიანობას და ქვეყნის მტრობას აგრძელებენ. ვიცით, რომ მათ ს პარალელურად ძალადობა აქვთ დაანონსებული და სურთ საქართველოს მოქალაქეებს საკუთარი ნების გამოვლინებაში ხელი შეუშალონ.
სკანდალურია, რომ ამ ძალადობრივ და წინასწარ დაანონსებულ სისხლის სამართლის დანაშაულს და ძალადობას ევროკომისიის პრესსპიკერმა სოლიდარობა გამოუცხადა, რაც თავისთავად უკვე გულისხმობს პასუხისმგებლობის გაზიარებას ნებისმიერ ძალადობაზე, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე მოხდება.
ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მათ შორის პარლამენტის ბიუროს ფარგლებში დავაფიქსირო, რომ ვერავინ გაექცევა პოლიტიკურ პასუხისმგებლობას და საჯარო მხილებას, თუკი ძალადობის ერთი ფაქტიც მაინც იქნება. ყველა იმ უცხოელზე, რომელიც მოძალადეებს სოლიდარობას უცხადებს, რა თქმა უნდა, ძალიან ხმამაღალი საუბარი გვექნება. ჩვენ დიდი ხანი ვითმენდით, რომ თავზე ხელს უსვამდნენ მოძალადეებს.
გახსოვთ, როდესაც საქართველოს ისტორიაში „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლის პირველი ფაქტი მოხდა, ლამის გმირად გამოაცხადეს სისხლის სამართლის დამნაშავე მოძალადე ადამიანი, რომელიც მათ შორის, რეციდივისტიც იყო და სხვა ძალადობრივი დანაშაულიც ჰქონდა ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ. ამ ფაქტს ევროპარლამენტარები მხარს უჭერდნენ და ფაქტობრივად გმირად გამოაცხადეს. მაშინ მათ შორის ევროკავშირის ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა „მოლოტოვის კოქტეილის“ წამახალისებელი კამპანია, რომელსაც არც ერთი პასპორტიანი ევროპელი და ევროკავშირელი დღემდე არ გამიჯვნია.
ამის შედეგი იყო ის, რომ თუკი მაშინ ერთი „მოლოტოვის კოქტეილი“ გავარდა, მას ოთხი და ხუთი დაემატა. მათ, ვინც დღეს ბოლშევიკების ლოზუნგი გაიხსენა, რომ „მიზანი ამართლებს საშუალებას“, მაშინაც ბოლშევიკური ტერორი თავს გარედან მოგვახვიეს და დღეს სახეცვლილი ლიბერალური ტერორის სახით იგივე ლოზუნგებით ცდილობენ ტერორის დამკვიდრებას საქართველოში. ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიქნებით ხმამაღალი ნებისმიერი ძალადობის წაქეზების, დაფინანსების, მხარდაჭერის და შემდეგ ამის გამართლების მიმართ.
საქართველო არავის საექსპერიმენტო ტერიტორია არ გახლავთ – ყველამ საკუთარ პოლიტიკურ სისტემასთან დაკავშირებით უნდა აგოს პასუხი და იმით იყოს დაკავებული. ასე რომ, ამაზე პასუხი ჩვენ რა თქმა უნდა გვექნება.
4 ოქტომბერს ყველა მოქალაქე, ვინც საქართველოს პატრიოტია, არჩევნებზე უნდა მივიდეს და გააკეთოს არჩევანი მშვიდობის და არა ტერორის სასარგებლოდ. ქვეყნის შიგნით და განსაკუთრებით ქვეყნის გარეთ უნდა დავანახოთ ყველას, რომლებიც ქართველი ხალხის ნებას თვალს უხუჭავენ.
შერჩეული ჰყავს საკუთარი რაღაც გამორჩეული ჯგუფი რომელსაც კვებავენ ფინანსებით და შემდეგ ამ მოძალადეთა ჯგუფს ქართველ ხალხად გვიცხადებენ – იმის იქით ვერავის ხედავენ. ეს ეტყობა ყველაფერს მათ შორის იმით, რომ ამ საკუთარი ფულით ნაკვები ელიტური ნაღების მიღმა ქართველი ხალხი მათთვის არის უინტერესო – იქნება ეს გარე ძალები თუ შიდა პოლიტიკური სასეცები. დღეს წინასაარჩევნო კამპანია მიმდინარეობს და ვხედავთ, რომ არც კი მუშაობენ ხალხთან – არ მიდიან, არ ესაუბრებიან ხალხს, დაკავებული არიან მხოლოდ საკუთარი ტელევიზიების სტუდიიდან ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლით.
ვხედავთ, ნაცვლად იმისა, რომ მუნიციპალიტეტებში ჩავიდნენ, ამომრჩეველს შეხვდნენ და მათი მხარდაჭერა მოიპოვონ, სხვა ქვეყნების დედაქალაქში დადიან, რომ იმათი მხარდაჭერა მოიპოვონ. აი ეს არის განსხვავებაა დამოუკიდებლობასა და ვასალობას შორის. დღეს ამ მხრივ მდგომარეობა კრისტალიზირდა და ნათლად ჩანს, ერთ მხარეს დგას დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი და მეორე მხარეს დგას სხვისი მორჩილება, სხვისი დროშის ფრიალი, საკუთარი ქვეყნის სხვა ქვეყნებში დასმენა და საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ცეცხლის და სიტყვის გამოწვევა“, – განაცხადა შალვა პაპუაშილმა.