შალვა პაპუაშვილი PACE-ს რეზოლუციის პროექტზე – ყველა აბზაცი ტყუილია, ამასაც ხომ მოხერხება უნდა? – მათი მორალური სტანდარტი ბევრად დაბალია, ვიდრე ქართული სახელმწიფოებრიობის – მათ აზრს, ვინც სააკაშვილს პოლიტპატიმარს უწოდებს, ნული ფასი აქვს

მათ აზრს, ვინც მიხეილ სააკაშვილს უწოდებს პოლიტიკურ პატიმარს, საქართველოსთვის აქვს ნული ფასი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) დაგეგმილ დებატებს, სადაც მათ შორის საუბარია, „ოპოზიციური პარტიებისა და მათი ლიდერების წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებულ დევნაზე“.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, „ამგვარი პროექტები პოლიტიკურად მოტივირებულია“.
„რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებით საკონსტიტუციო სარჩელს, აბა, რა უნდათ? ევროპა არის ის, რომ ადამიანის მწამებელს უწოდო პოლიტიკოსი? შეგახსენებთ, ეს ის PACE არის, რომელმაც რეზოლუცია მიიღო და მიხეილ სააკაშვილს უწოდა პოლიტპატიმარი. ასე რომ, მათი მორალური სტანდარტი ბევრად უფრო დაბალია, ვიდრე ქართული სახელმწიფოებრიობის და ქართული ღირებულებისა. ამიტომ, ჩვენ, რა თქმა უნდა, იმ დონეზე ვერ დავალთ, იმ მორალურ სტანდარტზე, რომელიც გულისხმობს ს პოლიტპატიმრად მოხსენიებას, რაც თავის დროზე იკადრა PACE -მ. მიზეზი მარტივია, PACE გახლავთ სხვადასხვა ქვეყნების პარლამენტის წევრების კრებული და კი ვაკვირდებით, როგორი პარლამენტის წვერები არიან. აგერ, აქ გვყავდნენ, 2024 წლის 11 ნოემბერს, დან ერთ კვირაში. რამდენიმე ქვეყნის საგარეო კომიტეტების ხელმძღვანელები გვყავდნენ და მათ შორის, შვედეთის ხელისუფლების წარმომადგენელმა, კომიტეტის თავმჯდომარემ ხალხს მოუწოდა „მაიდნისკენ“, ანუ ხოცვა-ჟლეტისკენ მოუწოდებდა ხალხს. შესაბამისად, ეს ხალხი არის PACE -ში წარმოდგენილი და სამწუხაროდ, PACE -ს იყენებენ, როგორც საკუთარი პოლიტიკური ინტრიგების მიღწევის ინსტრუმენტს და შესაბამისად, პოლიტიკურად მოტივირებულია ამგვარი პროექტები. რაც შეეხება თავად პროექტს, მე გავეცანი და რამდენიმე აბზაცია. ყველა აბზაცი არის ტყუილი. ამასაც ხომ მოხერხება უნდა? შეგვიძლია გავიარეთ აბზაც-აბზაც და ყველა აბზაცი, არათუ მანიპულაცია, ჩვეულებრივი ტყუილია. საბოლოო ჯამში, იმიტომაც გვაქვს ასეთი მდგომარეობა, რომ ზოგიერთისთვის, სამწუხაროდ, აღარ არსებობს ღირებულებების არანაირი სტანდარტი, არის მხოლოდ პოლიტიკური მიზანი და პოლიტიკურ მიზანს არგებენ ასეთი სახის ტექსტებს.
საქართველოს პარლამენტმა საპარლამენტო გამოძიება ჩაატარა „ნაცმოძრაობის“ რეჟიმთან დაკავშირებით, რომელიც გამოძიების გარეშეც თითოეულმა მოქალაქემ თავის თავზე გადაიტანა, თუ რას ნიშნავს ეს რეჟიმი. შესაბამისად, ამას განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლო და მიიღებს თავის გადაწყვეტილებას. როდესაც პოლიტიკურად მოტივირებული გამოსარჩლებაა „ნაცმოძრაობის“ მიმართ, იმ ხალხის მხრიდან, რომელიც მიხეილ სააკაშვილს უწოდებს პოლიტპატიმარს, PACE -ს რეზოლუციით, რა თქმა უნდა, ასეთ პუნქტებს ჩვენთვის არანაირი ღირებულება არ აქვს. ის ვინც მიხეილ სააკაშვილს უწოდებს პოლიტიკურ პატიმარს, მათ აზრს საქართველოსთვის აქვს ნული ფასი. ეს ხალხი ბევრჯერ დამარცხდა, მათ შორის საერთაშორისო სასამართლოებში საქართველოსთან მიმართებით. ამ ქაღალდებს არანაირი დატვირთვა ქართველი ხალხისთვის არ აქვს“,- განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, ევროსაბჭოში საქართველოს შესახებ დებატები გაიმართება. ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს საკითხებში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მონიტორინგის თანამომხსენებლები ედიტე ესტრელა (პორტუგალია-სოციალისტების, დემოკრატებისა და მწვანეთა ჯგუფი) და საბინა ჩუდიჩი (ბოსნია და ჰერცეგოვინა, ევროპის ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი) წარადგენენ რეზოლუციას : „დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“. რეზოლუციის პროექტის ტექსტში აღნიშნულია, რომ ასამბლეა ძალიან სწუხს იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად უგულებელყოფს მის შეშფოთებას და რეკომენდაციებს საქართველოში დემოკრატიული კრიზისის შესახებ, რომლებსაც იზიარებს საერთაშორისო საზოგადოება.
„ასამბლეა გმობს საქართველოს ხელისუფლების სულ უფრო იზოლაციისკენ მიმართულ პოლიტიკას და ანტაგონისტურ ურთიერთობებს ევროპულ ორგანიზაციებთან და მათ წევრ სახელმწიფოებთან. იგი ასევე გმობს უსაფუძვლო თავდასხმებსა და უსაფუძვლო, დამაზიანებელ ბრალდებებს საქართველოში საერთაშორისო საზოგადოების წევრების წინააღმდეგ, რომლებიც ბოლო თვეებში გამრავლდა“, – აღნიშნულია რეზოლუციის პროექტის ტექსტში.