შალვა პაპუაშვილი – არასამთავრობო ორგანიზაციებს, მილიონერებს უთქვამთ, არ მივალთ არჩევნებზეო – სხვადასხვა საელჩო რომ დაიწყებს წუწუნს დაფინანსებაზე, ააფარეთ სახეზე, რომ მათ მიერ დაფინანსებული ორგანიზაციები დემოკრატიის მტრები არიან

არასამთავრობო ორგანიზაციებს, მილიონერებს უთქვამთ, არ მივალთ არჩევნებზეო, სინამდვილეში, ეს არის მშვენიერი მტკიცებულება, რაში იხარჯებოდა ფული,-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი განცხადებით, ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციები „დემოკრატიის მტრები არიან და მათი მიზანი არის ამ არჩევნებზე საარჩევნო უფლების განხორციელებისთვის ხელის შეშლა“.
„რასაც „დემოკრატიის გაძლიერებას“ ეძახდნენ, სინამდვილეში აჩვენა მათმა დამოკიდებულებამ დემოკრატიული პროცესების და ს მიმართ, რომ ესენი არიან ჯგუფები, რომელთა ამოცანა არის ძალაუფლების მოპოვება. ამ შემთხვევაში, მათი დანიშნულება იყო მათი დამფინანსებლებისათვის საქართველოში ძალაუფლების ბერკეტების მიცემა. შარშან, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ყველა ეს არასამთავრობო ორგანიზაცია ჩართული იყო აქციაში, ან ჰქონდათ ღონისძიებები – „გამოდით არჩევნებზე, მიიღე არჩევნებში მონაწილეობა, მე მივდივარ არჩევნებზე“ და ასე შემდეგ, მილიონები დაიხარჯა ამ ყველაფერში, უცხოური ფული. წელს კი ამბობენ, რომ თითქოს არჩევნებზე წასვლა ყველას პირადი საქმეა. სინამდვილეში, ჩვენ ამ ორგანიზაციების სახით, უცხოური დაფინანსებით გვყავს არა დემოკრატიის მხარდამჭერები და გამძლიერებლები, არამედ ანტიდემოკრატიული ორგანიზაციები, რომელთა მთავარი მიზანი არის სახელისუფლებო ბერკეტების მოპოვება და მისი გაზიარება მათი დამფინანსებლისთვის. ეს არის მომენტი, როდესაც თავადვე აღიარეს, რომ ეს ორგანიზაციები არიან დემოკრატიის მტრები და მათი მიზანი არის ამ არჩევნებზე საარჩევნო უფლების განხორციელებისთვის ხელის შეშლა“,- განაცხადა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, როდესაც „საელჩოები ან დონორი ორგანიზაციები დაფინანსებაზე დაიწყებენ წუწუნს, ეს ინფორმაცია ააფარონ სახეზე, რომ მათ მიერ დაფინანსებული ორგანიზაციები საქართველოში დემოკრატიის მტრები არიან“.
„ეს ყველაფერი ჩვენ დავიმახსოვროთ და სხვადასხვა საელჩო რომ დაიწყებს საუბარს და წუწუნს დაფინანსებაზე ან დონორი ორგანიზაცია, ამობეჭდეთ დაა ააფარეთ ყველას სახეზე, რომ მათ მიერ დაფინანსებული ორგანიზაციები საქართველოში დემოკრატიის მტრები არიან და არ აღიარებენ დემოკრატიულ ინსტრუმენტებს, არამედ სურთ, დემოკრატიის გვერდის ავლით ძალაუფლების მოპოვება“,-განაცხადა პაპუაშვილმა.