4 ოქტომბერს გეგმავენ ძალადობას – როგორც კი იქნება შესაბამისი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისთვის საკმარისი წინაპირობები, რა თქმა უნდა, სახელმწიფო იმოქმედებს. არავის და მათ შორის, არც ბრიუსელის რომელიმე ბიუროკრატს ჩვენ საქართველოს 90-იან წლებში არ დავაბრუნებინებთ – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, „ნაცმოძრაობა“ 4 ოქტომბერს აორგანიზებს და აანონსებს სხვადასხვა სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენას, რომელსაც სოლიდარობას უცხადებს ევროკომისია მისი პრესსპიკერის სახით.
„დღეს ყველაფერი უკვე ცხადია – 4 ოქტომბერს ისინი გეგმავენ ძალადობას. ჩვენ ვნახეთ, რომ ევროკომისიის პრესსპიკერმა სოლიდარობა გამოუცხადა „ნაცმოძრაობის“ მიერ დაგეგმილ ძალადობას. ეს არის, რა თქმა უნდა, გამაოგნებელი სკანდალი, როდესაც ევროკომისიის პრესსპიკერმა, საჯაროდ გაიზიარა პასუხისმგებლობა „ნაცმოძრაობის“ მიერ დაანონსებული ძალადობის მიმართ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ და ყველამ უნდა გაიაზროს შინ და გარეთ – 4 ოქტომბერს ნებისმიერი ძალადობა, რაც კი მოხდება „ნაცმოძრაობისა“ და აქციის ორგანიზატორებისა და მონაწილეების მხრიდან, ამაზე პასუხისმგებლობა გაზიარებული აქვს ევროკომისიას, შესაბამისად, ევროკავშირის საელჩოსაც, რომელსაც ამასთან დაკავშირებით რაიმე გამიჯვნა არ გაუკეთებია. ყველას ვეუბნები მოხდება ძალადობის ერთი ფაქტიც კი, ერთ ქვასაც გაისვრიან, აღარ ვსაუბრობ ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებსა და სხვა პიროტექნიკაზე, რომელიც, როგორც ჩანს, ევროპული ღირებულების ერთ-ერთი ქვაკუთხედია, ამაზე პასუხისმგებელი იქნებიან ისინი, ვინც სოლიდარული არიან მოძალადეების მიმართ. რაც შეეხება სახელმწიფოს, შესაბამისი სამსახურები ძალიან მშვიდად და საქმიანად აკვირდებიან. რაც ხდება ყველაფერზე არის ინფორმაცია, მათ შორის, ნახეთ თქვენ სხვადასხვა სქემები, როგორ იყენებენ საგანმანათლებლო დაწესებულებებს იმისთვის, რომ შიდა ტერორისტები მოამზადონ. ყველაფერი ეს არის დაკვირვების ქვეშ. ყველა ინფორმაცია არის ცნობილი, ყველა ეს კავშირები არის ცნობილი. როგორც კი იქნება შესაბამისი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისთვის საკმარისი წინაპირობები, რა თქმა უნდა, სახელმწიფო იმოქმედებს. არავის და მათ შორის, არც ბრიუსელის რომელიმე ბიუროკრატს ჩვენ საქართველოს 90-იან წლებში არ დავაბრუნებინებთ. თუკი ასე ზედაპირულად და გულცივად უყურებენ ქვეყანას და ჰგონიათ, რომ შეუძლიათ საკუთარი პოლიტიკური ინტრიგებისთვის გამოიყენონ საქართველო, ამისთვის მწარედ ცდება ნებისმიერი ადამიანი, ნებისმიერ თანამდებობაზე, ნებისმიერ ქვეყანაში.
რაც შეეხება გდდ-ის გეგმას, რომელიც გავრცელდა, ეს აჩვენებს მათ განწირულ მდგომარეობას. ვნახე მეც და სასაცილოა. იმასაც კი არ დააკვირდნენ, რომ დიდი ხანია უკვე საქართველოს პარლამენტის შემოსასვლელი ჭიშკრები სხვანაირად გამოიყურება, მათ შორის დამატებითი გამაგრებაც აქვს. სწორედ იმიტომ, რომ შიდა ტერორისტები გვყავს, რომლებიც გარედან იკვებებიან, ამან გაყიდა საბოლოო ჯამში, რომ ეს არის შაიშმელაშვილის მიერ მიწოდებული ფურცლები. რაც შეეხება შაიშმელაშვილს, როდესაც ადამიანი, რომელიც სამხრეების ქვეშ იყო, გარბის ქვეყნიდან და გარედან ცდილობს ქვეყანაში 90-იანი წლების დატრიალებას და ძალადობის წაქეზებას, ეს არის უმაღლესი ხარიხის ქვეყნის ღალატის. როდესაც სამოქალაქო პირი ჩადის ღალატს, ეს ერთია, მაგრამ როდესაც ადამიანი, სამხრეების ქვეშ თავის სამშობლოს ღალატობს, ძალიან კარგია, რომ იქ არის, სადაც არის. ის ამ საზოგადოების ნაწილი ვეღარასდროს გახდება. იყოს იქ, სადაც არის. ვინც მას ეთერს აძლევს, მათ მორალურ პოზიციასაც კარგად აჩვენებს და მათ შორის, ვინც მას იფარებს.
საარჩევნო უფლების განხორციელებაში ხელის შეშლა არის სისხლის სამართლის დანაშაული. საჯარო დაწესებულებების პიკეტირება არის სისხლის სამართლის დანაშაული. ძალადობა არის სისხლის სამართლის დანაშაული. ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლა არის ტერორიზმი, პოლიციაზე თავდასხმა არის სისხლის სამართლის დანაშაული. ეს ყველაფერი არის დაანონსებული სისხლის სამართლის დანაშაულები. „ნაცმოძრაობა“ 4 ოქტომბერს აორგანიზებს და აანონსებს სხვადასხვა სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენას და არის სირცხვილი, რომ დაანონსებულ სისხლის სამართლის დანაშაულების ჩადენას სოლიდარობას უცხადებს ევროკომისია მისი პრესსპიკერის სახით. ჩვენ ამას უნდა შევხედოთ როგორც ერთიან გეგმას საქართველოს 90-იან წლებში დაბრუნებისა. არავინ არავის არ მისცემს შესაძლებლობას, რომ ჩაიდინოს სისხლის სამართლის დანაშაული და დარჩეს დაუსჯელი. ყოველდღიურად „ნაცმოძრაობა“ და მასთან გაერთიანებული „ენჯეოები“ აანონსებენ სისხლის სამართლის დანაშაულების ჩადენას. ან ისინი გაიხმობენ მათ „ენჯეოებს“, „ნაცმოძრაობას“ და სხვებს, ვინც ახლა გეგმავს სისხლის სამართლის დანაშაულების ჩადენას, აუხსნიან რას ნიშნავს სამართლებრივ ჩარჩოებში ყოფნა ან როდესაც ეს საქმე დადგება, ჩაიდენენ სისხლის სამართლის დანაშაულს და სახელმწიფოს ექნება რეაგირება, მერე ნუღარ იქნება ნიანგის ცრემლები მათი მხრიდან, ზოგიერთი ელჩის თუ უცხოელი პოლიტიკოსის მხრიდან“,- განაცხადა პაპუაშვილმა.
