ისღა გვაკლია „ქართულ ოცნებას“, „ლელომ“ დაგვიდგინოს ჩვენი დღის წესრიგი და განრიგი – რას, როდის აღვნიშნავთ და სად, ვინ მივა – თქვენს [„ტვ პირველის“ ჟურნალისტს] გემოვნებას ვერ დააკმაყოფილებს ბიძინა ივანიშვილის თუ ივანიშვილის საქმიანობა,- ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვას, სად იმყოფება და რატომ არ ჩანს „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.
პაპუაშვილის განცხადებით, „4 ოქტომბერს ყველა კითხვას პასუხი გაეცემა, როდესაც ქართველი ხალხი „ლელოსაც“ თავის ადგილს მიუჩენს“.
„მგონი, ეს არის სრულად „ქართული ოცნების“ და მათ შორის ბიძინა ივანიშვილის გადასაწყვეტი, ვინ, სად მივა. ვინ, სად და როგორ იქნება ჩართული. ხალხი თავის პასუხს იტყვის 4 ოქტომბერს, არჩევნებზე, როდესაც საქართველოს ასობით ათასი მოქალაქე გამოვა საარჩევნო უბნებთან და ყველას თავის პასუხს გასცემს შიგნით და გარეთ, ვინც ცდილობს, რომ საქართველო დააბრუნოს 90-იან წლებში. თქვენს გემოვნებას ვერ დააკმაყოფილებს ბიძინა ივანიშვილის თუ ივანიშვილის საქმიანობა, თქვენ ხართ „ლელოს“ წარმომადგენელი. კიდევ კარგი „ლელოს“ შესაფასებელი არ არის „ქართული ოცნება“ და მისი საპატიო თავმჯდომარე. 4 ოქტომბერს გაეცემა ყველა კითხვას პასუხი, როდესაც ქართველი ხალხი გამოვა და კიდევ ერთხელ, მათ შორის „ლელოს“ თავის ადგილს მიუჩენს“,- განუცხადა პაპუაშვილმა ჟურნალისტს.
კითხვაზე, რა „გასაოცარი დემოკრატია შექმნა“ ბიძინა ივანიშვილმა, შალვა პაპუაშვილმა უპასუხა, რომ ეს არის თუნდაც 15 ადამიანის მიერ რუსთაველის გამზირის გადაკეტვა.
„15 კაცი რომ რუსთაველის გამზირს გადაკეტავს და ამის საშუალება აქვთ… აბა, წადით და ბერლინში გადაკეტეთ 15-მა ადამიანმა, ან პარიზში გადაკეტეთ შანზელიზე. რომელიმე ქვეყანაში წადით და 15-მა კაცმა გადაკეტეთ და პოლიცია როგორც მოგეპყრობათ, ვხედავთ კადრებით, იქნება ეს გერმანული პოლიცია, ფრანგული თუ სხვა, როგორი ბრუტალურობით მიგაბრძანებენ ციხეში, ამას ნახავთ. რაც შეხება შიდა ტერორიზმს, რომელიც გამოწვევა არის ბევრი ქვეყნისთვის, რა თქმა უნდა, შიდა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა არის ერთ-ერთი გამოწვევა ყველა ქვეყნისთვის“,-განაცხადა პაპუაშვილმა.
