ძალიან სამწუხაროა, რომ 13 წელი გავიდა და იმ იდეალებიდან და ღირებულებებიდან, რამაც 13 წლის წინ, 1-ელ ოქტომბერს ქართული საზოგადოება შეკრა, ფაქტობრივად, არაფერი დარჩა – იყო შანსი, რომ ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ წავსულიყავით დემოკრატიული განვითარების გზით, მაგრამ 13 წლის თავზე სრულიად საპირისპირო ვითარება გვაქვს, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი შარაშიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან 13 წლის გასვლასთან დაკავშირებით, პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, “ქართული ოცნების“ მესიჯი, რომ 2012 წლის 1-ელი ოქტომბრის იდეალები არსად გამქრალა, ქართველი საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრაა“.
„ეს იდეალები არათუ არ გაქრა, არამედ საერთოდ აღარ ჩანს. ეს წერილი თავიდან ბოლომდე პროპაგანდაზე აგებული გზავნილებია. რეალურად, აქ სიმართლესთან კავშირი არ არის. მახსენდება ანდაზა – „გაღმა შეედავე და გამოღმა შეგრჩებაო“, რაც იმას ნიშნავს, რომ „ოცნება“ რასაც თავად აფუჭებს და რაც თვითონ არის, სხვას აბრალებს. „ოცნებაა“ თვითონ უცხო ძალის ინტერესების გამტარებელი და ამ დროს გამოდის და ამ წერილის მთელი ფაბულა არის, თითოს რაღაც საფრთხე გარე ქვეყნებიდან მოდის. იმ გარე ქვეყნებში ვისაც გულისხმობს, აშშ-სა და ევროპის ქვეყნებს, დღეს უცხო ძალებად მოიხსენიებს და ამ დროს თავად „ოცნება“ ჩვენი მთავარი მტრის, რუსეთის მოკავშირეა. რატომ ავიწყდება, რომ თავად რუსეთის ინტერესების გამტარია?“ – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.
ამავე თემაზე საუბრისას შარაშიძემ აღნიშნა, რომ 13 წლის წინ ავტორიტარიზმთან ბრძოლაში პროგრესი იყო, მაგრამ რასაც „ოცნება“ ბოლო 4 წელიწადში აკეთებს, ამას დემოკრატიასთან არანაირი კავშირი არ აქვს.
„წერილში არის ერთი ფრაზა, რომ ავტორიტარიზმი დავამარცხეთ 12 წლის წინო. ავტორიტარიზმი, რა თქმა უნდა, დამარცხდა, მაგრამ დღეს რა რეჟიმი გვაქვს? დღეს ავტორიტარიზმი ისეთი ფორმებითაა, რაც ამ ქვეყანაში არ ყოფილა. ამ კუთხით ჩვენ დღეს უკეთესი ვითარება არ გვგავს. დღეს დემოკრატიული განვითარების კუთხით რაიმე პროგრესი გვაქვს? პროგრესი იყო, ჩვენ მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა დავიწყეთ, მაგრამ რასაც „ოცნება“ ბოლო 4 წელიწადში აკეთებს, ამას დემოკრატიასთან არანაირი კავშირი არ აქვს. როცა ისინი სუვერენიტეტზე საუბრობენ, საკუთარი გუნდისა და პარტიის სუვერენიტეტს გულისხმობენ, რომ არავინ იყოს ხელის შემშლელი იმ ათას დანაშაულში, რასაც ისინი ჩადიან“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.
გარდა ამისა, შარაშიძემ ისაუბრა წერილის იმ ნაწილზე, სადაც ბიძინა ივანიშვილი ყოფილი თანაგუნდელების მხრიდან „მუხანათურ ღალატზე“ საუბრობს და აღნიშნა, რომ „ გასაკვირი ნამდვილად არ არის, რომ გიორგი გახარიას გულისხმობდეს.“
„გვახსოვს განცხადებები, როცა პირდაპირ ასახელებდა მის სახელს. არ ვიცი, ვერ გეტყვით ვინ შეიძლება იყვნენ გახარიას გარდა, მაგრამ გიორგი გახარიაზე მას არაერთხელ უსაუბრია აბსურდი, თითქოს მან ქვეყანას უღალატა. გახარიამ ქვეყანას კი არ უღალატა, უღალატა იმ კორუფციას, დანაშაულებებს, ჩვენ ქვეყნის იმ გეოპოლიტიკური სტრატეგიის შეცვლას და უბედურებას, რომლისკენაც „ოცნება“ მიდიოდა. ამ 13 წელზე თუ ვსაუბრობთ, გიორგი გახარიას გადადგომა ყველაზე თამამი ნაბიჯი იყო, რაც კი ვინმეს „ქართულ ოცნებაში“ გაუკეთებია“, – აღნიშნა შარაშიძემ.
რაც შეეხება წერილის იმ ეპიზოდს, სადაც ბიძინა ივანიშვილი 4 ოქტომბერზე ამახვილებს ყურადღებას, შარაშიძემ განაცხადა, რომ აქ იმ ოპოზიციური პარტიების პასუხისმგებლობაა, რომლებიც როგორც მინიმუმ, „სასარგებლო იდიოტის“ როლში გამოდიან, როცა ივანიშვილის ასეთი განცხადების გაკეთების საშუალებას აძლევენ.
„ჩვენი პოლიტიკური ძალისთვის მშვიდობა არის მნიშვნელოვანი ღირებულება. იმ საფრთხეში, რაზეც ივანიშვილი საუბრობს, რეალურ საფრთხეს იმდენად ვერ ვხედავ, რამდენადაც ივანიშვილისთვის და „ოცნებისთვის“ საბაბის მიცემას, რომ შესაძლო არეულობის, გადატრიალებისა და სამოქალაქო დაპირისპირების შიშით უფრო მეტად მოახდინონ საკუთარი ამომრჩევლის კონსოლიდაცია. სწორედ ამიტომ არის აქ იმ ოპოზიციური პარტიების პასუხისმგებლობა, რომლებიც არ მინდა ვიფიქრო, რომ განზრახ, მაგრამ როგორც მინიმუმ, სასარგებლო იდიოტის როლში გამოდიან, როცა ივანიშვილის ასეთი განცხადების გაკეთების საშუალებას აძლევენ. დღეს რამდენად დიდი პროტესტი არ უნდა იყოს „ოცნების“ რეჟიმის მიმართ, როგორც კი არჩევანი დგება, ცვლილებები უნდა მოხდეს მშვიდობიანად თუ ძალადობრივად, ჩვენი ქვეყნის უმრავლესობას მშვიდობიანი გზით ცვლილებებს ანიჭებს“, – განაცხადა შარაშიძემ.
მისივე თქმით, რაც 4 ოქტომბრის აქციამ ძალადობრივი, გაუგებარი და არასერიოზული ანონსის სახე მიიღო, მათი გუნდი ამის ნაწილი არ და ვერ იქნება.
„ჩვენი მოქალაქეები თავად გადაწყვეტენ, გავიდნენ თუ არა აქციაზე. მას შემდეგ, რაც ამ აქციამ ძალადობრივი, გაუგებარი და არასერიოზული ანონსის სახე. ჯერ 4 ოქტომბერს დამთხვევა, მერე საათის გამოცხადება, ეროვნული კრება, რუსთაველზე ფიზიკური კენჭისყრა რაღაც საკითხისთვის, ამას დაემატა იქვე, 4 ოქტომბერსვე ტექნიკური მთავრობის არჩევა, ხელისუფლების გადაბარება და ა.შ – ეს იმდენად არასერიოზული დაპირებებია, მით უფრო, როცა ამას ძალადობრივი ელფერი დაჰყვება, რადგან „მშვიდობიანი დამხობა“ ტერმინი არ არსებობს, ამის შემდეგ ბუნებრივია, რომ ამის ნაწილი არ და ვერ ვიქნებით. ჩემთვის ისიც გაუგებარია ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობას ვინ იღებს. რომ გადახედოთ, თითქოს ყველა პოლიტიკური აქტორი, მაგრამ ამავე დროს არავინ. ისინი ხალხს ხომ ჰპირდებიან, რომ 4 ოქტომბერს ყველაფერი დასრულდება, რომ არ დასრულდეს, პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე აიღებენ? თუ გამოვლენ და იტყვიან მიზეზებს, რომ ხალხი არ გამოვიდა, პარტიები არ გამოვიდა, წვიმა წამოვიდა და ა.შ.“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.
