“საქართველოს უნივერსიტეტი” ეხმაურება ბოლო პერიოდში, პროსახელისუფლებო მედიის მიერ მათ შესახებ გავრცელებულ მადისკრედიტებელ ინფორმაციას. უნივერსიტეტის სახელით განცხადება გაავრცელა რექტორმა, კონსტანტინე თოფურიამ.
თოფურიამ განაცხადა, რომ არ აპირებდნენ გამოხმაურებას, თუმცა რადგან “ტყუილების ნიაღვარი” არ წყდება და საზოგადოებაში გაჩნდა მაღალი ინტერესი, საჭიროდ თვლიან, პასუხი გასცენ ბრალდებებს.
“ნეტგაზეთი” სრულად გთავაზობთ “საქართველოს უნივერსიტეტის” განცხადებას:
“მოგეხსენებათ, საქართველოს უნივერსიტეტის და სხვა თავისუფალი უნივერსიტეტების მიმართ, ბოლო ხანებია, პროპაგანდისტული მედიასაშუალებების მიერ მიმდინარეობს ცილისმწამებლური კამპანია. მე არ ვაპირებდი რაიმე რეაგირებას – საზოგადოებისთვის, მგონი, ყველაფერი, ცალსახად, ცხადია, მაგრამ ვინაიდან არ დასრულდა ტყუილების ეს ნიაღვარი და ვინაიდან ეს უკვე შეეხო კონკრეტულ პიროვნებებს, ვინაიდან მაღალი ინტერესია, ჩავთვალე საჭიროდ, რომ გარკვეული კომენტარი გავაკეთო.
გარწმუნებთ, რომ ჩვენ წინააღმდეგ გავრცელებული ბრალდებები სრული სიცრუე და გაუგონარი აბსურდია. პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ არ არსებობს არცერთი ფაქტი, არცერთი დოკუმენტი, ან მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს ამ აბსურდულ ბრალდებებს:
საქართველოს უნივერსიტეტში არ ფუნქციონირებს არცერთი ცენტრი, არ ტარდება არცერთი ლექცია, არ იმართება არცერთი ღონისძიება, რომელიც რაიმე ფორმით ემსახურება პროპაგანდას, ან პოლიტიკური ზეგავლენის გავრცელებას; ტყუილია, თითქოს საქართველოს უნივერსიტეტი რაიმე ფორმით აქციებს აფინანსებს; ტყუილია, რომ უნივერსიტეტი არღვევს FARA-ს კანონს – ჩვენ რამდენიმე წელია არ მიგვიღია არანაირი გრანტი და უარი ვთქვით უკვე დამტკიცებულ დაფინანსებაზე; ტყუილია, რომ უნივერსიტეტში არასრულწლოვანებს ტერორისტებად ზრდიან – ეს, საერთოდ, სასაცილოა; ტყუილია აქ რაიმე კონსპირაციული ცენტრის და ორგანიზაციის არსებობა.
სიმართლე ისაა, რომ საქართველოს უნივერსიტეტი Nature Index-ის მიერ აღიარებულია წამყვან უნივერსიტეტად რეგიონში; სიმართლეა, რომ ყველაფერს გამჭვირვალედ ვაკეთებთ – ფინანსებით დაწყებული, საგანმანათლებლო პროცესით დამთავრებული; ინფორმაცია ყველა სასწავლო კურსზე სილაბუსზე, მათ განმახორციელებელ პერსონალზე, ლექტორებზე – ყველაფერი არის ვებ-გვერდზე საჯარო ხელმისაწვდომი და სასწავლო პროცესის ამსახველი ასობით და ათასობით სურათი დევს, ასევე, ვებ-გვერდზე; სიმართლეა, რომ ჩვენ ვართ ლიბერალური, ჰუმანური და ეროვნული ღირებულებების გამავრცელებლები და ვაგრძელებთ ილია ჭავჭავაძის გზას; სიმართლე, რომ ჩვენ ვდგავართ საქართველოს ინტერესების, თავისუფლების და დემოკრატიის სადარაჯოზე და პირნათლად აღვასრულებთ იმ მისიას, რაც ქართულ უნივერსიტეტს განუსაზღვრა მისმა დამაარსებელმა, ივანე ჯავახიშვილმა.
ჩვენი უნივერსიტეტი წლების განმავლობაში, კეთილსინდისიერად და კანონიერად ემსახურება ერთადერთ მიზანს – ჩვენი ქვეყნისთვის პროფესიონალი და განათლებული, მორალური ღირებულებების მატარებელი თაობის აღზრდას.
როგორც უნივერსიტეტის რექტორი, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ – საქართველოს უნივერსიტეტი წარმოადგენს თავისუფალი აზროვნების, აკადემიური თავისუფლების და ხარისხიანი განათლების სივრცეს. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ მატყუარა მედიამ და არაკეთილსინდისიერმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა ჩირქი მოსცხონ იმ ღირებულებებს, რასაც ადმინისტრაცია, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ყოველ დღე ემსახურებიან. სამთავრობო მედიას მოგიწოდებთ, შეწყვიტეთ სიცრუის ტირაჟირება, დაიცავით პროფესიული ეთიკა, გამოიჩინეთ ელემენტარული თავმოყვარეობა, ნუ იქნებით ბოროტი პოლიტიკური თამაშების იარაღი და ნუ ახდენთ ახალგაზრდების მომავლის დისკრედიტაციას. ჩვენ არ მოგცემთ ამის საშუალებას – ყველგან გამხელთ. ჩვენი სიმართლე გაცილებით ძლიერია, ვიდრე თქვენი პროპაგანდა. წერტილი”, – განაცხადა კონსტანტინე თოფურიამ.




