ბიზნესმენ გიორგი ბაჩიაშვილის მშობლებს, მარინა რამაზაშვილსა და ალექსანდრე ბაჩიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს. გადაწყვეტილება მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ მიიღო.
მარინა რამაზაშვილსა და ალექსანდრე ბაჩიაშვილს ბრალი გუშინ, 29 სექტემბერს წარედგინათ. პროკურატურა მათ ედავება შვილის, გიორგი ბაჩიაშვილის დახმარებას “უკანონოდ მოპოვებული შემოსავლების ლეგალიზაციაში”. საუბარია იმ შემოსავლებზე, რომელიც ბრალდების მხარის ვერსიით ბაჩიაშვილმა ივანიშვილისგან მიითვისა – ე.წ. ბიტკოინების საქმეზე, დიდი ოდენობით თანხის მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საფუძვლით ბაჩიაშვილი უკვე ორი ინსტანციის სასამართლომ ცნო დამნაშავედ. მას ამ საქმეზე 11-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.
პროკურორი მიხეილ სადრაძე სადრაძე მათთვის პატიმრობის შეფარდებას მოითხოვდა. სწორედ სადრაძეა გიორგი ბაჩიაშვილის საქმის პროკურორი ე.წ. ბიტკოინების საქმეზე.
დღევანდელ სხდომას თავად ბრალდებულები არ ესწრებოდნენ. ისინი საქართველოში არ იმყოფებიან. ადვოკატმა ლევან მახარაშვილმა განაცხადა, რომ ისინი მართლმსაჯულებას არ ემალებიან, უბრალოდ არ მიეცათ გონივრულ ვადა სასამართლოში გამოცხადებისთვის.
“სხვა საქმეებზეც იყო მარინა დაკითხული [იგულისხმება გიორგი ბაჩიაშვილის სხვა საქმეები] როგორც მოწმე, მაგრამ მისთვის არაფერი უთქვამთ გუშინ საღამომდე. დღეს, დილის 9-ზე გენერალურ პროკურატურაში ვერ გამოცხადდებოდა საზღვარგარეთ მყოფი ადამიანი. ორი საათის წინ სხვა პროცესზე გავიგე მე თვითონ და გიორგის მშობლებმა ახლა ისიც არ იციან, რომ პროცესი მიმდინარეობსო”, – განაცხადა ლევან მახარაშვილმა.
პროკურატურას ამ საქმეზეც მიხეილ სადრაძე წარმოადგენს. სწორედ სადრაძეა გიორგი ბაჩიაშვილის საქმის პროკურორი ე.წ. ბიტკოინების საქმეზეც. ის ბაჩიაშვილის მშობლებისთვის პატიმრობის შეფარდების მოთხოვნას მიმალვისა, დანაშაულის განმეორებით ჩადენისა და მოწმეებზე გავლენის მოხდენის რისკებით ასაბუთებდა.
“მიმალვის საფრთხე უკვე ფაქტის დონეზეა წარმოდგენილი. სახელმწიფო საზღვრის ხშირი კვეთა, კონტაქტები საზღვარგარეთ. დომინანტური მიმალვის საფრთხეა, მაგრამ არსებობს სხვა საფრთხეც, რაც უკავშირდება წინარე დანაშაულებს, მითვისებულ აქტივებს, რაც მათი მონაწილეობით არის განხორციელებული. პატიმრობა არის ერთადერთი ზომა, რაც მიმაჩნია, რომ უნდა იქნას გამოყენებული”, – განაცხადა მიხეილ სადრაძემ.
ადვოკატი ლევან მახარაშვილი ამტკიცებდა, რომ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძველი საერთოდ არ არსებობს. პროკურორის არგუმენტის – საზღვრის ხშირი კვეთის საპასუხოდ, მან თქვა, რომ “სიმპოზიუმი არ ტარდება მათ გარეშე” და ბრალდებულები, ზოგჯერ, წელიწადში 9 თვეს საზღვარგარეთ ატარებენ. ადვოკატმა, ასევე მიუთითა, რომ ბრალდების მხარეს შეეძლო ისინი დისტანციურადაც გამოეკითხა, რაც არ გააკეთეს.
“რომელი კრიმინალები არიან ეს ორი პენსიონერი, საქართველოში და საზღვარგარეთ ცნობილი პროფესორები, რომ მიიმალონ? […] ეს საქმე რომ გავუგზავნო, ვერც კი გაიგებენ, რაში ედავებიან. ამ საქმეს მოწმე არ ჰყავს საერთოდ, ვისზე უნდა მოახდინონ ზეგავლენა? გიორგი რომ გარეთ იყოს, კიდევ რამე შეიძლებოდა გეფიქრა. გიორგის, პროკურორის გადაწყვეტილებით, ოჯახთან კი არა, ადვოკატებთან აქვს აკრძალული კომუნიკაცია, მოწყვეტილი ჰყავთ გარესამყაროს. რომელი სტანდარტია დაკმაყოფილებული, არათუ აღკვეთის, არამედ ბრალის?”, – ამ კითხვებს სვამდა ადვოკატი ლევან მახარაშვილი სხდომათა დარბაზში.
პროკურორის თქმით, მარინა რამაზაშვილმა დაახლოებით 2,5 მილიონი უკანონოდ მოპოვებული ლარის ლეგალიზაცია მოახდინა, ხოლო ალექსანდრე ბაჩიაშვილმა – დაახლოებით 1,5 მილიონის. სარაძის თქმით, ბრალდებულებმა ეს უძრავი ქონების შეძენითა, ასევე ფულის გათეთრების სხვადასხვა მეთოდებით მოახერხეს.
“ეს ყველაფერი, რასაც ლაპარაკობს პროკურორი რომ არ ეხებოდეს 75 წლის ბატონ ალიკას და 65 წლის ქალბატონ მარინას, ვინმე იფიქრებდა, რომ ბონი და კლაიდის საქმეა ეს […] ძალიან ცნობილი ექიმები არიან. საკუთარი კლინიკა აქვთ, ასეულათასობით ლარის ბრუნვით. შვილი – თანაინვესტირების ფონდში, ფორბსის სიაში. 75 წლის ცნობილ ექიმს, შვილმა რომ მანქანა აჩუქა, უნდა ეფიქრა, რომ მისმა შვილმა მოახდინა იურისდიქციის შეცვლა, კონვერსია და ყველაფერი რაც ჩამოთვალა პროკურორმა? მილიონერი შვილისგან რომ საჩუქრად მიიღო მანქანა, უნდა ეფიქრა, რომ ფულის გათეთრებაში იღებდა მონაწილეობას?”, – განაცხადა სხდომაზე ადვოკატმა მახარაშვილმა.
ადვოკატის თქმით, ტრანზაქციები, რომლებზეც პროკურორი სხდომაზე საუბრობდა, მათთვის ჯერ კიდევ ორი წლის წინ იყო ცნობილი.
“გიორგის განაჩენს ელოდებოდნენ?”, – რიტორიკული კითხვა დასვა ადვოკატმა.
ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი, გიორგი ბაჩიაშვილის როგორც მისი მშობლების, ისე პირადად მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას ივანიშვილის პირად შურისძიებას უკავშირებს. ბაჩიაშვილმა მშობლებისთვის წარდგენილი ბრალის შესახებ უკანონო საზღვრის კვეთის შესახებ მისი საქმის სხდომაზე ისაუბრა დღეს, 30 სექტემბერს.
“7 წლის წინ ნაყიდი 2-ოთახიანი ბინა და 5 წლის წინ ნაყიდი ავტომობილი, თურმე ფულის გათეთრების რაღაც სქემა არის და ამის გამო ჩემი მშობლები, 75 წლის მამაჩემი, ქირურგი, რომელიც მთელი ცხოვრება ეხმარებოდა ავადმყოფებს და ასობით და ათასობით ადამიანის სიცოცხლე აქვს გადარჩენილი და 65 წლის დედაჩემი, რომელიც თვალის ექიმი არის და საკმაოდ ცნობილი არის საქართველოში, გამოიყვანეს სისხლის სამართლის დამნაშავეებად. ეს არის უბრალოდ აბსურდი. მეტსა ვიტყვი, ეს არის უნამუსობა უბრალოდ – ასე ადამიანებზე ჩირქის მოცხობა. სამართალთან ამას საერთო არაფერი აქვს და ადამიანობასთანაც კი ამას საერთო არაფერი აქვს”, – განაცხადა ბაჩიაშვილმა.
დღესვე, გიორგი ბაჩიაშვილს საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ. ამის გარდა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ბაჩიაშვილს 11 წელი აქვს მისჯილი ე.წ. ბიტკოინების საქმეზე. ამ განჩენის გამოცხადებიდან მალევე ბიძინა ივანიშვილმა, როგორც დაზარალებულმა, ბაჩიაშვილის წინააღმდეგ სამოქალაქო დავა წამოიწყო. თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმე დაჩქარებულ ვადებში განიხილა და ბაჩიაშვილს ივანიშვილის სასარგებლოდ თითქმის მილიარდი დოლარის ღირებულების ბიტკოინების გადახდა დაეკისრა.
გარდა ამისა, ბაჩიაშვილის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს კიდევ ერთ, ე.წ. მტკვარი ჰესის საქმეზე.
ამავე თემაზე:
· “ეს არის აბსურდი, ეს არის უნამუსობა” – ბაჩიაშვილი მშობლებისთვის ბრალის წარდგენაზე
· ბაჩიაშვილის მშობლების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო
