პროკურატურამ შპს „გურია ენერჯის“ დირექტორსა და საზედამხედველო კომპანიის თანამშრომლებს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თაღლითობაში დახმარებისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტაციის დამზადება-გამოყენების ფაქტებზე შპს „გურია ენერჯის“ დირექტორსა და საზედამხედველო კომპანიის თანამშრომლებს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
უწყების განმარტებით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის სექტემბრიდან 2023 წლის იანვრის ჩათვლით, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ნორიო-ლილოს დამაკავშირებელი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების პროცესში, შპს ,,გურია ენერჯის“ 100%-იანი წილის მფლობელი, ტენდერის შესრულებაზე კონტროლის განმახორციელებელი საზოგადოების მენეჯერების დახმარებით, ყალბი ოფიციალური დოკუმენტაციის შედგენა-გამოყენების გზით, მოტყუებით დაეუფლა საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კუთვნილ თანხას – 403 095 ლარს, რამაც დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია და არსებითად შეილახა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები.
პროკურატურის ინფორმაციით, კომპანიის მფლობელს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლება და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების შედგენა-გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ტენდერის შესრულებაზე კონტროლის განმახორციელებელ ორ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით თანხის თაღლითობით დაუფლებაში დახმარება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება და გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ასევე, 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გენერალური პროკურატურა ბრალდებულთათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
პროკურატურაში აცხადებენ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი სხვა შესაძლო პირების იდენტიფიცირების მიზნით.
უწყების განცხადებით, საქართველოს პროკურატურა აგრძელებს კორუფციასთან შეურიგებელ ბრძოლას და მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკის გატარებას. მოვუწოდებთ ყველას, ვინც ფლობს ინფორმაციას კორუფციულ დანაშაულთან დაკავშირებით, მოგვაწოდონ აღნიშნული ინფორმაცია და ითანამშრომლონ სამართალდამცავ სტრუქტურებთან.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ღამბაშიძე: პიროვნულ დონეზე, ნინოს (რახან დავმეგობრდით და სახელებით მივმართავთ ერთმანეთს) მინდა ვუთხრა, რომ გავიგე მისი ძახილი. ამოვიკითხე რის თქმასაც ცდილობს და ადამიანურად ვუთანაგრძნობ იმ ვითარების გამო, რაშიც გაყო თავი

გია ხუხაშვილი – „ლელოს“ აკრძალვის მოთხოვნა ვირეშმაკული ტაქტიკაა, ამას სასამართლო, ალბათ, არ დააკმაყოფილებს, ხაბეიშვილმა კი პროვოკატორის როლი შეასრულა და ხელი შეუწყო სარჩელს – ამაზე გაბრაზდებიან, თუმცა ცივი წყალი დალიონ