გიორგი ბაჩიაშვილს ქვეყნის საზღვარი არ დაუტოვებია იმის გამო, რომ მას უბრალოდ სურდა შესაბამისი პროცედურების გვერდის ავლით გადაადგილება სხვა ქვეყანაში, ეს იყო განპირობებული მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადარჩენის უპირატესობით, – ამის შესახებ ჟურნალისტებს, „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატმა, დავით ჯანდიერმა განუცხადა.
მისივე თქმით, მიმდინარე სისხლის სამართლის საქმე თავიდან ბოლომდე არის დეფექტური.
„ეს განაჩენი და მიმდინარე სისხლის სამართლის პროცესი თავიდან ბოლომდე არის დეფექტური, იმის გათვალისწინებით, რომ პროცესი მიმდინარეობდა გატაცებული ადამიანის წინააღმდეგ. გიორგი ბაჩიაშვილს ქვეყნის საზღვარი არ დაუტოვებია იმის გამო, რომ მას უბრალოდ სურდა შესაბამისი პროცედურების გვერდის ავლით გადაადგილება სხვა ქვეყანაში, ეს იყო განპირობებული მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადარჩენის უპირატესობით. ეს დადასტურდა შემდგომში, 11 ივლისს, გლდანის მე-8 დაწესებულებაში მასზე განხორციელებული თავდასხმით, რომლის გამოძიება საბოლოოდ არ ყოფილა ეფექტიანი. არ არის ბრალდებული, ხოლო თავად გიორგი ბაჩიაშვილს, როგორც მსხვერპლს, დღემდე არ აქვს დაზარალებულის სტატუსი. ამიტომ ეს განაჩენი არ ეფუძნება სამართლებრივ პრინციპებს, სამართლებრივ მოთხოვნებს, ის არ ეფუძნება „სისხლის სამართლის კოდექსს“, რომელიც ითვალისწინებს იმას, რომ პირი არ შეიძლება იქნეს დამნაშავედ ცნობილი, თუკი უკიდურესი აუცილებლობის პირობებში მოქმედებდა. ამიტომ ეს განაჩენი გასაჩივრდება როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო ინსტანციებში“, – განაცხადა დავით ჯანდიერმა.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ საზღვრის უკანონო კვეთაში ბრალდებული, „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი გენერალური დირექტორი, გიორგი ბაჩიაშვილი დამნაშავედ ცნო. სასამართლოს გადაწყვეტილებით, გიორგი ბაჩიაშვილს თავისუფლების 4 წლითა და 6 თვით აღკვეთა მიესაჯა, რომელიც “ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე შეფარდებულმა 11-წლიანმა სასჯელმა შთანთქა.
შეგახსენებთ იმასაც, რომ გიორგი ბაჩიაშვილმა ქვეყანა იქამდე დატოვა, ვიდრე მას „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე 11 წლით თავისუფლების აღკვეთას მიუსჯიდნენ. პროკურატურამ გიორგი ბაჩიაშვილს საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინა.
