კახა კალაძე „გორბის“ კვლევაზე – ხალხი ყველაფერს ხედავს და შეუძლია განასხვაოს, ვინ ვინ არის, რომელი პოლიტიკური პარტია ვის ემსახურება

ხალხი ყველაფერს რეალურად ხედავს და შეუძლია განასხვაოს, ვინ ვინ არის, რომელი პოლიტიკური პარტია ვის ემსახურება. ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ამ ქვეყანას მართავს მისი აღმატებულება ქართველი ხალხი, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მ საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრ „გორბის“ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების შეფასებისას განაცხადა.
როგორც კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, მხარდაჭერას, რომელიც კვლევებითაც დასტურდება, ის ყოველდღიურად ამომრჩეველთან შეხვედრისასაც გრძნობს.
„ამომრჩეველთან ძალიან ხშირი შეხვედრები გვაქვს და ამ მხარდაჭერას, რაც კვლევებმა აჩვენა, ჩვენ ყოველდღიურად ვგრძნობთ. ხალხი ყველაფერს რეალურად ხედავს და შეუძლია განასხვაოს, ვინ ვინ არის, რომელი პოლიტიკური პარტია ვის ემსახურება. ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ამ ქვეყანას მართავს მისი აღმატებულება ქართველი ხალხი, მხოლოდ და მხოლოდ ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანები და არა ვიღაცა გარედან ჩარევებით, მითითებებით, შიდა აგენტურული ქსელით. ქართველი ხალხი მართავს ამ ქვეყანას“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, კომპანია GORBI-ის მიერ ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ საზოგადოებრივი აზრის კვლევაში, კითხვაზე ადგილობრივი ამ კვირას რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას, „ქართულ ოცნებას“ მხარს უჭერს გამოკითხულთა 66,4%, „ძლიერი საქართველო – ლელოს“ კი – 10,3%.
სხვა პარტიების შემთხვევაში ხმები შემდეგნაირად განაწილდა: „გირჩი“ – 9,3 %, „გახარია საქართველოსთვის“ – 8,7 %, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 2,2 %, ყველა სხვა პარტია ჯამურად 3,1 5 %.