„ტრანზიტის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ [TRIPP] დაკავშირებით რუსეთი საკუთარ პოზიციას ჩამოაყალიბებს, როდესაც მოსკოვს ექნება დეტალური ინფორმაცია, თუ როგორ განხორციელდება ეს სატრანსპორტო პროექტი. როგორც „არმენპრესი“ იტყობინება, ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკაში რუსეთის ელჩმა სერგეი კოპირკინმა განაცხადა გაზეთ „სიუნაც ერკირთან“ ინტერვიუში.
ელჩის თქმით, რუსეთის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ უცილებელ პრიორიტეტს წარმოადგენს “მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცება სამხრეთ კავკასიაში, და ამ მიდგომიდან გამომდინარე, მოსკოვი ბუნებრივად უჭერს მხარს ნებისმიერ ძალისხმევას, რომელიც მიმართულია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ”.
“ჩვენი მონაცემებით, TRIPP -ის სამუშაო მხოლოდ ახლა იწყება. ტვირთისა და მგზავრების გადაზიდვის რეჟიმები, აგრეთვე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული დეტალები ჯერჯერობით შეთანხმებული არ არის. რეგიონის სატრანსპორტო კავშირების განბლოკვა საჭიროებს ისეთი გარემოებების გათვალისწინებას, როგორიცაა სომხეთის წევრობა ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში, აგრეთვე სომხეთ-ირანის საზღვარზე რუსეთის სასაზღვრო სამსახურის ყოფნა ორმხრივი დოკუმენტების საფუძველზე. ამასთანავე, მინდა დავამატო, რომ რუსული მხარე მზადაა კონსულტაციებისათვის როგორც სომეხ პარტნიორებთან, ასევე სხვა დაინტერესებულ მხარეებთან, მათ შორის თეირანთან”.
რუსეთის ელჩის თქმითვე, სომხეთ-აზერბაიჯანის შერიგების პროცესის საფუძველი ჩაუყარა რუსეთის ფედერაციამ და პირადად პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა.
„სამმხრივმა შეთანხმებებმა, რომლებიც 2020–2022 წლებში რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებმა გააფორმეს, არა მხოლოდ შეაჩერა სისხლისღვრა ადგილზე, არამედ განსაზღვრა ერევანსა და ბაქოს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის ძირითადი მიმართულებები, მათ შორის სამშვიდობო ხელშეკრულების შემუშავება, ეკონომიკური და სატრანსპორტო ბლოკადის მოხსნა, საზღვრების დელიმიტაცია და დემარკაცია, ასევე სამოქალაქო საზოგადოებასთან კავშირების განვითარება”.
