მივესალმები აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ შემოთავაზებულ ყოვლისმომცველ გეგმას ღაზაში ომის დასრულების შესახებ, – ამის შესახებ ლატვიის პრეზიდენტი, ედგარს რინკევიჩი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი თქმით, ახლა მნიშვნელოვანია ის, რომ მხარეები გეგმის განხორციელებაზე შეთანხმდნენ.
„მნიშვნელოვანია, რომ ახლა ყველა მხარე შეთანხმდეს გეგმის განხორციელებაზე ისრაელელების, პალესტინელების და მთელი ახლო აღმოსავლეთის რეგიონის უკეთესი და მშვიდობიანი მომავლისთვის“, – წერს ლატვიის პრეზიდენტი.
ცნობისთვის, ღაზაში კონფლიქტის დასასრულებლად დონალდ ტრამპის “ყოვლისმომცველ გეგმა“ 20 პუნქტისგან შედგება. გეგმის თანახმად, „თუ ორივე მხარე დათანხმდება წინადადებას, ომი დაუყოვნებლივ დასრულდება. ისრაელის ძალები შეთანხმებულ ხაზამდე უკან დაიხევენ, რათა მძევლების გათავისუფლებისთვის მოემზადონ. ამ დროის განმავლობაში, ყველა სამხედრო ოპერაცია, მათ შორის საჰაერო და საარტილერიო დაბომბვები, შეჩერდება და საბრძოლო ხაზები გაყინული დარჩება იქამდე, სანამ სრული ეტაპობრივი გასვლისთვის შესაბამისი პირობები არ შეიქმნება“. ღაზა „დერადიკალიზებული, ტერორიზმისგან თავისუფალი ზონა იქნება, მეზობლებს საფრთხეს არ შეუქმნის და მისი განვითარება მოხდება ღაზას მოსახლეობის საკეთილდღეოდ“.
ისრაელის მიერ ამ შეთანხმების მიღებიდან 72 საათის განმავლობაში, ყველა მძევალი, ცოცხალი და გარდაცვლილი, დაბრუნდება. ყველა მძევლის გათავისუფლების შემდეგ, ისრაელი გაათავისუფლებს 250 პატიმარს და 1700 ადამიანს, რომლებიც 2023 წლის 7 ოქტომბრის შემდეგ ღაზაში დააკავეს. ყველა მძევლის დაბრუნების შემდეგ, „ჰამასის“ წევრები, რომლებიც იარაღს დაყრიან ამნისტიას მიიღებენ, ხოლო ისინი, რომლებსაც ღაზას დატოვება სურთ, მიმღებ ქვეყნებში უსაფრთხოდ ჩასვლას შეძლებენ.
გეგმის მიხედვით, ღაზას გარდამავალი, ტექნოკრატიული, აპოლიტიკური პალესტინის კომიტეტი უხელმძღვანელებს.
