მიუხედავად სიბნელისა, რომლის თავს მოხვევასაც რუსეთი და მისი მარიონეტული რეჟიმი ცდილობს საქართველოსთვის, ჩვენი გზა ევროპისკენ განათებულია ჩვენი მოქალაქეების გამბედაობით – ამის შესახებ სტრასბურგში გამართულ ბრიფინგზე “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ლემონჯავამ განაცხადა.
მან პირობა დადო, რომ არ დანებდებიან და არაფერი დამთავრდება, “ვიდრე არ გავიმარჯვებთ”.
“ამ ისტორიული შენობიდან — სადაც ოდესღაც წარმოითქვა საქართველოს თანამედროვე იდენტობის განმსაზღვრელი სიტყვები: „მე ვარ ქართველი და შესაბამისად, მე ვარ ევროპელი“ — ჩვენ კიდევ ერთხელ ვაცხადებთ ხმამაღლა და ნათლად: საქართველო ევროპაა. ევროპა არა მხოლოდ ჩვენი ისტორიაა; ეს იქნება ჩვენი მომავალი და ჩვენი თაობის პრივილეგია და პასუხისმგებლობაა ამის განხორციელება. ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის პროექტი ვერ დასრულდება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გარეშე. მიუხედავად იმ სიბნელისა, რომლის თავს მოხვევასაც რუსეთი და მისი მარიონეტული რეჟიმი ცდილობს საქართველოსთვის, ჩვენი გზა ევროპისკენ განათებულია ჩვენი მოქალაქეების გამბედაობით, რომლებიც აგრძელებენ ბრძოლას თავისუფლებისთვის, განსაკუთრებით მათი, ვინც ციხეში იმყოფება. ახლა, პოლიციის მანქანებში ნაწამები 500 ახალგაზრდის სახელით, ათასობით საჯარო მოხელის სახელით, რომლებიც დაიჩაგრნენ ჩვენი ევროპული მომავლისა და კონსტიტუციის ერთგულებისთვის, 60-ზე მეტი პოლიტიკური პატიმრის სახელით, წინასწარი პატიმრობის იზოლატორებში დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლი ასობით ქალის სახელით, 300 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში ქუჩაში მდგომი ადამიანების სახელით, ჩვენ ვაცხადებთ: ჩვენ არ დავნებდებით! არაფერი დამთავრდება, სანამ ჩვენ არ გავიმარჯვებთ”, – განაცხადა ლემონჯავამ.
