ლევან ჯანგველაძის მამიდაშვილი – ლევანი ტელეფონზეც ესაუბრებოდა ხოლმე ოთარ ფარცხალაძეს, გარდაცვალებამდე ორჯერ ნახა – რაც შეეხება მიქაძეებს, მითხრა, რომ საშიში ხალხი არიან – ერთ-ერთ ძმას ნათელმირონობა აკავშირებს უსოიანთან

[ლევან ჯანგველაძემ] როგორც ვიცი, ოთარ ფარცხალაძე მოსკოვში გაიცნო, ვინ და რა ვითარებაში გააცნო, არ ვიცი. ტელეფონზეც ესაუბრებოდა ხოლმე ფარცხალაძეს. გარდაცვალებამდე ორჯერ ნახა , – ამის შესახებ მოკლული ბიზნესმენის, ლევან ჯანგველაძის მამიდაშვილმა მიხეილ ბერძენიშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.
როგორც მან განმარტა, ლევან ჯანგველაძე უკონფლიქტო პიროვნება იყო, თუმცა, ძმებ მიქაძეებთან და ოთარ ფარცხალაძესთან გარკვეული უთანხმოება ჰქონდა, რომელიც სავარაუდოდ, სიგარეტისა და “კოკა-კოლის” ბიზნესს უკავშირდებოდა.
პროკურორ ლევან ვეფხვაძის კითხვაზე, ხომ არ სმენია, რომ “დედ ჰასანის” მკვლელობას ძმებ ლევან და მერაბ ჯანგველაძეებს უკავშირებდნენ და ხომ არ უკითხავს, აღნიშნულის შესახებ ჯანგველაძისთვის, მოწმემ დადებითი პასუხი გასცა.
“ერთადერთხელ მივეცი თავს უფლება, მეკითხა. როცა “დედ ჰასანი” მოკლეს, ხშირად ს ტელევიზიაში ნახსენები იყვნენ ჩემი ძმები – ჯანგველაძეები და სხვები.
ლევანმა მითხრა, არანაირი კავშირი და შეხება არ მქონია ამ პიროვნებასთან და მის მკვლელობასთანო”, – განაცხადა ბერძენიშვილმა.
პროკურორის კითხვაზე, “დედ ჰასანის” შვილიშვილი, ირაკლი უსოიანი ხომ არ იყო დაინტერესებული ჯანგველაძეებით, მოწმემ ასე უპასუხა:
“ოჯახის წევრები, შვილი და შვილიშვილი ეძებდნენ მამის და ბაბუის მკვლელს, თანხასაც იხდიდნენ ინფორმაციისთვის, რომ ვიღაცას რაღაც ინფორმაცია მიეწოდებინა. რამდენიმე მილიონზეც იყო საუბარი, რომ შური ეძიებინათ”, – განაცხადა ბერძენიშვილმა.
კითხვაზე ხომ არ უთქვამს ლევან ჯანგველაძეს, რომ ეშინოდა რამის, ბერძენიშვილმა უპასუხა, რომ ის ფრთხილობდა.
“მშიშარა პიროვნება არ იყო, თან დაცვით დადიოდა[რუსეთში], მე მგონი, ფრთხილობდა… აქ თავიდან მარტო გია ჩადუნელი ჰყავდა”, – განაცხადა მოწმემ. მისივე ჩვენების მიხედვით, ჯანგველაძე იარაღს ატარებდა, თუმცა, ხილულად არა.
“ბოლო 6 თვის განმავლობაში იარაღის ტარება დაიწყო. კონკრეტული საუბარი იარაღზე არ გვქონია. რა თქმა უნდა, უსაფრთხოებიდან გამომდინარე ჰქონდა. რამე მეტყობა, რომ მაქვსო? – მკითხა, შარვლის შიდა ნაწილში იარაღი ედო. არ გეტყობა, მაგრამ ხელს არ გიშლის-მეთქი? არაო, მითხრა. ვკითხე, რამე რომ მოხდეს, ამის ამოღებას როგორ მოახერხებ-მეთქი. ისეთი რა უნდა მოხდეს, 2-3 წამი რომ არ მქონდესო, მიპასუხა”,- განაცხადა ბერძენიშვილმა.
მას პროკურორმა კითხვა დაუსვა ძმებ მიქაძეებთან დაკავშირებითაც.
“ლევან ჯანგველაძე რომელიღაც სასტუმროში ძმაკაცს მიჰყვა სასტუმროში, როგორც მითხრა, იქ ერთ-ერთი მიქაძე დახვდა, სადაც სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა, ცოტა გაბრაზებული მოვიდა. მას შემდეგ, ბოლო პერიოდში ძმები მიქაძეები არ უხსენებია, ერთხელ რესტორან “მეტეხის ჩრდილში” შემთხვევით შევხვდით, მეორედ “ამბასადორში” იყო შეხვედრა. ვახშამი იყო გაშლილი, შემოვიდნენ[მიქაძეები], ლევანი მიესალმა, ჩემს ძმას [ლევან ჯანგველაძეს] , მას არ ესიამოვნა, მაგრამ ხელი ჩამოართვა, მიესალმა. თუ არ ვცდები, ეს 2024 წელს იყო.
რამდენჯერმე, ტელეფონში საუბრის დროს, გაბრაზებული ტონით გვარი მიქაძეები გავიგე. ჩავეძიე, რა იყო, ხომ მშვიდობაა-მეთქი. საშიში ხალხი არიან, დიდი გავლენები აქვთ ქალაქში და საშიშები არიანო, მითხრა. მიქაძეებიდან რომელიღაც ძმას ნათელ-მირონობა აკავშირებს უსოიანთან [დედ ჰასანის შვილიშვილთან]”,- განაცხადა ბერძენიშვილმა.
პროკურორის კითხვაზე, თუ რა ურთიერთობა ჰქონდა ფარცხალაძესთან ჯანგველაძეს, მოწმემ უპასუხა, რომ მასთან ხშირი კომუნიკაცია ჰქონდა მიუხედავად იმისა, რომ მას “აფრთხილებდნენ ახლო ურთიერთობა არ ჰქონოდა”.
“როგორც ვიცი, ოთარ ფარცხალაძე მოსკოვში გაიცნო, ვინ და რა ვითარებაში გააცნო, არ ვიცი. ტელეფონზეც ესაუბრებოდა ხოლმე ფარცხალაძეს. გარდაცვალებამდე ორჯერ ნახა, ერთხელ, ფარცხალაძის ოფისში, კოსტავაზე ვიყავით ასული. იქიდან ჩამოსული ლევანი ნორმალურ ხასიათზე იყო, რას შეეხო საუბარი არ ვიცი, კი იყო ჩემი ძმა, მაგრამ ასეთ კითხვებს ვერ ვუბედავდი.
ფარცხალაძის ახლობლობა მიქაძეებთან პანაშვიდზე გავიგე, ხალხი საუბრობდა….
მანამდე მოსკოვში, ერთ-ერთ სუფრაზე ლევან ჯანგველაძეს უთხრეს, დაანებე ამ ხალხს [ფარცხალაძეს] თავი, შენი დონე არ არისო, ურჩევდნენ, ხომ იცი ვისთან მეგობრობსო [უსოიანები] და რატომ არ ანებებ თავსო. ეს სიტყვები გამახსენდა სამძიმარზე როცა საუბრობდნენ.
ლევანს მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა ფარცხალაძესთან, ხშირად ხვდებოდნენ.
რაც შეეხება მეორე ეპიზოდს, ლევან ჯანგველაძე ფარცხალაძეს ფინანსური პოლიციის შენობაში შეხვდნენ. ლევანი იქიდან გაბრაზებული ჩამოვიდა, ოთარ ფარცხალაძეც ჩამოვიდა, იქ იცნო გია ჩადუნელი[ჯანგველაძის მძღოლი], შენ ჩვენი გია არ ხარო? სიყვარულით გაიხსენა, 3 წუთიანი კომუნიკაცია ჰქონდათ, დიდი ხნის წინ, კვეთა ჰქონიათ. გაკვირვებული დავრჩი, 17 წლის განმავლობაში მას ოთარ ფარცხალაძე ერთხელ არ უხსენებია”,- განაცხადა ბერძენიშვილმა.
მისივე თქმით, ფარცხალაძე-ჯანგველაძის შეხვედრისას საუბარი სიგარეტისა და კოკა-კოლის ბიზნესთან დაკავშირებით შედგა. რამდენიმე დღის შემდეგ კი ჯანგველაძე გაბრაზებული ახსენებდა ტელეფონზე ფარცხალაძეს.
მან ასევე ისაუბრა, თუ როგორ გაიგო ლევან ჯანგველაძის მკვლელობა. ასევე ისაუბრა მისი მძღოლის, გია ჩადუნელის გარშემოც და აღნიშნა, რომ რაღაც დეტალები “არ ესიამოვნა”. როგორც მოწმემ აღნიშნა, მას ჯანგველაძე ყველაფერს არ უყვებოდა.

ასევე დაგაინტერესებთ