პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზაზა თავაძის ინფორმაციით, ახმეტაში მათმა მაჟორიტარობის კანდიდატმა, დავით მარგოშვილმა პროკურატურას ზეწოლის, მუქარისა და შანტაჟის შედეგად სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტის შესწავლის თხოვნით მიმართა, თუმცა მათ კვირაზე მეტია რეაგირება არ ჰქონიათ.
როგორც ზაზა თავაძე აცხადებს, „პროკურატურა თავად იქცა რეჟიმის მხარდამჭერ ინსტრუმენტად“.
„პარტია „გახარია საქართველოსთვის“ კიდევ ერთხელ ამხელს „ოცნების“ რეჟიმის მიერ წინასაარჩევნო პროცესში განხორციელებულ პოლიტიკურ დევნასა და მიმდინარე საარჩევნო პროცესებში უკანონო ჩარევებს.
კერძოდ, ჩვენი მაჟორიტარობის კანდიდატი ახმეტაში, დავით მარგოშვილი, ზეწოლის, მუქარისა და შანტაჟის შედეგად სამსახურიდან გაათავისუფლეს, ეს შემთხვევა არ არის ცალკეული ინციდენტი – ის წარმოადგენს სისტემურ დევნას. მან უკვე 1 კვირაზე მეტია მიმართა პროკურატურას, რომელმაც საქმე გადაამისამართა შსს-ში და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, რითაც ფაქტობრივად უარი თქვა მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული საკუთარი ფუნქციის განხორციელებაზე – სამწუხაროდ, პროკურატურა თავად იქცა რეჟიმის მხარდამჭერ ინსტრუმენტად. მიტაცებული სახელმწიფო ინსტიტუტები, კვლავ „ოცნების“ ხელისუფლების ინტერესებს ემსახურებიან და არა მოქალაქის თავისუფალ არჩევანს. 2024 წლის არჩევნების შემდეგ „ოცნებამ“ კიდევ უფრო დაამძიმა საარჩევნო გარემო, შეცვალა კანონმდებლობა და სრულად მოარგო საკუთარ პარტიულ მიზნებს. სწორედ ამიტომ, მიმდინარე წლის 23 სექტემბერს პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ მიმართა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და მოითხოვა, რომ არჩევნების დასრულებისთანავე თითოეულ ამომრჩეველს ჰქონდეს შესაძლებლობა გადაამოწმოს თავისი მონაცემები – ფიქსირდება თუ არა მისი მონაწილეობა არჩევნებში და რომელ უბანზე აისახა მისი ხმა.
სამწუხაროდ, ვერ დავმალავთ რეაქციას იმ ფაქტზეც, რომ ბოიკოტში მყოფი ოპოზიციური პარტიები, პირდაპირ თუ ირიბად, ხელს უწყობენ „ოცნებას“ არჩევნების გაყალბების პროცესში. თუ 2024 წელს ხელისუფლებას ამისთვის ფული და ადმინისტრაციული რესურსი სჭირდებოდა, დღეს მათ საქმეს გარკვეული ოპოზიციური ჯგუფები უფასოდ აკეთებენ, როცა მოქალაქეებს არჩევნებზე არ მისვლას მოუწოდებენ. მანამდე კი, „ოცნების“ სტილში, ბოიკოტისტები ფსიქოლოგიურად ზემოქმედებდნენ „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატებზე. ამიტომ კიდევ ერთხელ ვაცხადებთ: ამომრჩეველი არავის საკუთრება არ არის. ჩვენი პარტია არ დაუთმობს „ოცნებას“ ძალაუფლებას და არ დატოვებს მოქალაქეებს პირისპირ რეჟიმთან მარტო“, – განაცხადა ზაზა თავაძემ.
